აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს საქართველში ვერ ჩამოფრინდება.
როგორც ჟურნალისტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, მას აეროპორტში პრობლემები შეუქმნეს, ამის მიზეზად კი საბუთების მოუწესრიგებლობა დაასახელეს.
„ფორტუნა“ კომენტარისთვის ჟურნალისტის ადვოკატს არჩილ ჩოფიკაშვილს დაუკავშირდა:
„თავდაპირველად მას განუცხადეს, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა წესრიგში, შემდეგ უთხრეს, რომ ბარგს ჰქონდა პრობლემა, ბოლოს უკვე განუცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არსებობს ახალი კორონარეგულაცია, რომლითაც მას ვერ გაუშვებენ რეისზე“.
ადვოკატის თქმით, ეს არის მათ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია და როცა დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური გაავრცელებს.
აფგან მუხთარლის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გუშინ მუხთარლის ადვოკატზე დაყრდნობით, ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას გეგმავდა.
მუხთარლი, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, 2017 წლის მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება.
ჟურნალისტი, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკის გამო აზერბაიჯანიდან დევნიდნენ, 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.
2017 წლის 29 მაისს მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.
როგორც ჟურნალისტი აცხადებდა, ის კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ამბობდა, რომ მუხთარლი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააპატიმრეს.