მომღერალი, ანსამბლ „ფორტეს“ წევრი ზურა მანჯავიძე ჟურნალ „გზაში“ საკუთარი ცხოვრების საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე საუბრობს.
ზურა მანჯავიძე რუბრიკაში „სცენის მიღმა“ იმ სირთულეებსა და დაბრკოლებებს იხსენებს, რომლის გავლაც მოუწია.
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:
როგორც ვიცი, მუსიკასთან ერთად, შრომასაც არ თაკილობთ. რას მატებს ადამიანს, როცა ის ცხოვრებისეულ სირთულეებსა და დაბრკოლებებს ებრძვის?
– მთელი ჩვენი ცხოვრება შრომა, ბრძოლა და ნებისყოფის გამოვლენაა. იშვიათია ადამიანი, რომელმაც მდიდრული მემკვიდრეობა მიიღო და მთელი ცხოვრება არხეინად გაატარა. მართალია, ასეთი ხალხიც არსებობს, მაგრამ ბევრს მშობლებისგან დატოვებული ქონება ერთიანად გაუნიავებია. ამიტომ, ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ადამიანი დაუზარელი და შრომისმოყვარეა. ეს დიდი ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს.
– შრომას მშობლებმა შეგაჩვიეს?
– რა თქმა უნდა. შრომას ბავშვობიდან შევეჩვიე. მამაჩემი გამრჯე კაცი იყო და სოფელში სპეციალურად დავყავდით, რომ მიწაზე გვემუშავა. ჩემთვის ეს სახალისოც იყო და თან, შრომას ვსწავლობდი, თანდათან ვეჩვეოდი. ასე გამომიმუშავდა შრომისადმი სიყვარული და ნებისყოფა, რომლის გარეშე ვერც ერთ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევ. ეს მუსიკასაც ეხება: სიმღერაში დიდი შრომა და შენი გული თუ არ ჩადე, არაფერი გამოგივა.
ჯერ სანიტრად ვმუშაობდი, მერე სწავლის პარალელურად, რკინიგზაში დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ, ქამრების ცეხში მოვეწყვე, მერე კი პერანგების ცეხში ვმუშაობდი და ეს პერანგები გასაყიდადაც მიმქონდა. ცხოვრებაში ბევრი მიწვალია და მიშრომია, რაც საერთოდ არ მეთაკილება, პირიქით, ამით ამაყი ვარ. მეამაყება ისიც, რომ ჩემი შვილებიც ასეთები არიან: ცდილობენ, დრო უქმად არ დაკარგონ, ამიტომ, ყველანაირ შრომას გაუგეს აზრი და ფასი“, – ამბობს ზურა მანჯავიძე.
ზურა მანჯავიძის ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალში „გზა“.