13 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გოგა მესხი და ნანუკა ქარუხნიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მსმენელს სიმღერა „მომენატრე და მოვედი“ წარუდგინეს.
როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა, საიდან დაიბადა თქვენი ერთობლივი სიმღერის იდეა?
ნანუკა: პირველად გოგას საღამოზე შევხვდით და ვუსაყვედურე, ყველა შენი მეგობარი რომ მღერის აქ, მე რატომ არ ვარ სიაში-მეთქი. შემდეგ, გოგას დაებადა ეს იდეა და ერთ-ერთ საღამოზე შეხვედრისას, უცებ შემომთავაზა, მოდი, მე და შენ დუეტი ჩავწეროთო. მე ვუთხარი, დუეტი არა, მოდი, დუეტები ჩავწეროთ-მეთქი. ბევრი ფიქრის და წვალების მიუხედავად, ჯერ ვერ მოვიფიქრეთ ჩვენი დუეტის სახელი.
ალბათ, ამავდროულად სოლო კარიერასაც გააგრძელებთ…
ნანუკა: კი აუცილებლად, გვექნება ერთობლივიც და სოლოც.
ვისაუბროთ სიმღერაზე „მომენატრე და მოვედი“. რატომ შეარჩიეთ ეს სიმღერა?
ნანუკა: ტემბრალურად ძალიან მოუხდა ჩვენი ხმები… თან რომ ვფიქრობდით, რა გვემღერა, ამ სიმღერაზე იმიტომ შევჩერდით, რომ ამ სიმღერის ვერსია არავის გაუკეთებია, არანაირი მიმართულებით.
გოგა: რამდენიმე დუეტის შესრულების შემდეგ, მივხვდით, რომ ეს სიმღერა მართლა უკონკურენტო იყო. სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ჩაიწერა ზურა მახნიაშვილის სტუდიაში.
წინასწარ გაწერილი პროგრამა თუ გაქვთ, სამომავლოდ, ისევ ძველი სიმღერების ახალი ვერსიების გაკეთებას გეგმავთ თუ პირადად თქვენთვის შექმნილი გექნებათ?
გოგა: თქვენთან დაპრემიერდება 3-4 დუეტი, რომლებიც ძველი სიმღერების ჩვენებური ვერსიები გახლავთ. ამის შემდეგ, უკვე საავტორო სიმღერებზეც ვფიქრობთ. გვყავს ჩვენი ბენდი და დიდი გეგმები გვაქვს. ვგეგმავთ კლიპის გადაღებასაც.
გოგა, რა ხდება შენს სოლო კარიერაში?
გოგა: ჯერჯერობით დუეტზე ვარ გადართული. არ არის აუცილებელი, სოლო კარიერა გავაგრძელო, კი რამდენიმე სიმღერა გამზადებული მაქვს ჩასაწერად, მაგრამ ეს ყველაფერი, დუეტი ძალიან მომწონს.
გოგა მესხი & ნანუკა ქარუხნიშვილი – მომენატრე და მოვედი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გოგა მესხი & ნანუკა ქარუხნიშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები