თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგებში დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელი ჩვენების მიხედვით, მას აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო.
„აქცია თავიდან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა, 40 წუთი, 1 საათი, შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით გახდნენ აგრესიულები, ქვებს, ფილებს, პლასტმასის ბოთლში ჩაყრილი ქვიშას ისროდნენ, იყო მოწოდებები, გაეგრძელებინათ პოლიციის მიმართ აგრესია, შემდეგ გდდ-ის თანამშრომლები მოვიდნენ და ჩაგვანაცვლეს.
შემდეგ ისევ რუსთაველის ქუჩაზე ჩამოვედით, გდდ-ის თანამშრომლების უკან განვთავსდით, ქვები აყრილი, ნაგვის ურნები დამწვარი, ასევე სხვადასხვა ნივთი დაზიანებული იყო. ისევ იყო აგრესია, მძიმე საგნების და ქვების სროლა ჩვენ მიმართ, ისროდნენ პიროტექნიკას, როცა ნასროლ საგნებს ვიცილებდით, ე.წ. პულივიზატორის ბოთლი მომხვდა, ჩემმა თანამშრომელმა სამსახურებრივი მანქანით გამიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ნივთი მომხვდა, როცა მომხვდა და მოვტრიალდი, ჩემს ფეხთან დაეცა, კეფის არეში მომხვდა“, – განაცხადა მოწმე პოლიციელმა და აღნიშნა, რომ ის ნივთის მსროლელს ვერ დაინახავდა, რადგან ბევრი ხალხი იყო და იმ მომენტში ნასროლ ნივთებს იცილებდა.
ადვოკატის შეკითხვაზე, „შესაბამისად, არც იმას გამორიცხავს, რომ მსროლელი შეიძლებოდა მოქალაქე არ ყოფილიყო“ – პოლიციელმა უპასუხა: „კი ბატონო“.
ცნობისათვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დაკავებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ფოტო სლაიდერზე: ინტერპრესნიუსი