არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის სასურსათო მარაგები, ხომ არ შეიქმნება ბაზარზე დეფიციტი და რა ბედი ელის გლეხებისა და ფერმერების მიერ მოყვანილ მოსავალს – აღნიშნულ თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში საბითუმო სავაჭრო ქსელ „ჯიბეს“ დირექტორმა ლევან დავითაძემ ისაუბრა.
– „ჯიბეს“ ბაზაზე შეიქმნა ახალი პლატფორმა საქართველოში აგრარული ვაჭრობისთვის. როგორ შედგა ამ კუთხით თანამშრომლობა თქვენსა და ხელისუფლებას შორის და რას გულისხმობს ეს თანაშრომლობა?
– პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ჩვენს ბაზაზე რაიმე ახალი პლატფორმა არ შექმნილა, ჩვენი კომპანია ფუნქციონირებს უკვე 10 წელია საქართველოში ძალიან წარმატებულად. ვიზრდებით და ვვითარდებით. 2019 წლიდან ჩვენს პლატფორმას დავამატეთ ხილ-ბოსტნეულის კატეგორია და დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი თანამშრომლობა არ შემდგარა, უბრალოდ გაჟღერდა ინიციატივა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა შეზღუდულია გადაადგილება და ა.შ დახმარება სჭირდებოდათ გლეხებსა და ფერმერებს. კომპანიებს, ვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნებოდათ, შეეძლოთ ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანა. და ჩვენ უბრალოდ, როგორც ერთ-ერთმა კომპანიამ, გამოვთქვით სურვილი, რომ დავეხმაროთ ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს. აქ არ გამოცხადებულა არანაირი ტენდერი და არანაირ მონოპოლისტობაზე არ არის ლაპარაკი…
– რამდენად აქტიურად ფუნქციონირებს დღეს ეს პლატფორმა და რამდენად დიდია დაინტერესება ფერმერების მხრიდან?
დაინტერესება ფერმერების მხრიდან, ბუნებრივია, არის… დიდია , საშუალო, თუ პატარა, ჯერ ამას ვერ ვიტყვით, გარკვეული დრო დასჭირდება ამის დადგენას. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ დაინტერესება ნოემბრიდან მოყოლებული იზრდება და იზრდება.
– თქვენი საქმიანობის არეალი ამ ეტაპზე საქართველოს რა ტერიტორიას მოიცავს, სად ხართ წარმოდგენილები?
ჩვენ მოვიცავთ საქართველოს ყველა რეგიონს, გარდა ოკუპიორებული ტერიტორიებისა.
-საზოგადოებას მუდმივად აწუხებს კითხვები მარაგებთან დაკავშირებით, რამდენად დიდი მარაგი გაქვთ თქვენ და ხომ არ შეიქმნება ბაზარზე დეფიციტი?
ბოლო 3 თვის განმავლობაში ამ კითხვას გვისვამს ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი, ქსელური ორგანიზაციები, ამიტომ, ეს ძალიან აქტუალური შეკითხვაა.. ჩვენ, ჩვენი საქმიანობით გავაკეთეთ ის, რომ 3 თვის განმავლობაში, როცა ყველაზე მეტად კრიზისული პერიოდი იყო, გვერდში დავუდექით ჩვენს ქვეყანას, გვქონდა ძალიან ბევრი პროდუქტი. იმდენად დიდი იყო ჩვენი რესურსი, 3 თვე გავუძელით ძალიან წარმატებულად, ისე რომ ბაზარზე დეფიციტი, ფაქტობრივად, არ შექმნილა…
– გარდა იმ პროდუქციისა, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებთ, ხომ არ ახდენთ გარკვეული სახის პროდუქციის იმპორტსაც?
რაც შეეხება ხილ-ბოსტნეულს, ფერმერებისგან რასაც ვიბარებთ, იმისი არანაირი იმპორტი არ ხორციელდება. პირიქით ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, პარტნიორებთან, ქსელურ ორგანიზაციებთან, ტრადიციულ მაღაზიებთან, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ ქართულ წარმოებას და ქართული პროდუქციის რეალიზაციას. როდესაც არ არის სეზონი და არ იქნება ქართული პროდუქტი, იმ დროს კი ბატონო, დავიგეგმებით და განვახორციელებთ იმპორტს.. დანარჩენი, პირველადი მოხმარების პროდუქტებში კი არის ნაკრები, ზოგს ადგილზე ვყიდულობთ, ზოგის იმპორტი ხორციელდება და ა.შ. ჩვეულებრივი მუშა პროცესია.
– თქვენს საწყობებში არსებული სურსათის რეალიზაცია სად ხდება?
როგორც გითხარით, ჩვენ ვართ საბითუმო სავაჭრო ქსელი… ჩვენ გვიცნობს ყველა – განსაკუთრებით მაღალია „ჯიბეს“ ცნობადობა საქართველოს რეგიონებში. ჩვენი საწყობებიდან მარაგდება სრულიად ქვეყნის მასშტაბით როგორც პატარა მაღაზიები, ქსელური მარკეტები, ისე ჰორეკა სექტორი: სასტუმროები, რესტორნები.
– მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, რა შეიცვალა თქვენს საქამიანობაში, რა აქტივობები განახორციელეთ სოციალური პასუხისმგბელობის ფარგლებში? კადრების შემცირება ხომ არ მოგიხდათ?
პირიქით, კადრების დამატება მოგვიწია. რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას, სწორედ ჩვენი საქმით ჩავერთეთ covid 19-თან ბრძოლაში, გვერდში დავუდექით გლეხს და ფერმერს, რომ მოსავალი არ გადაყაროს და ეს ჩვენი პლატფორმა გამოვიყენეთ ამისთვის.