ლეგენდარული მსახიობის ჯიმ ქერის წარმომადგენელმა საჯაროდ უპასუხა უცნაური შეთქმულების თეორიებს, რომლებიც მსახიობის პარიზში გამოჩენის შემდეგ გავრცელდა. საუბარია Cesar Awards-ის 51-ე ცერემონიაზე, სადაც ჯიმ ქერის საპატიო ჯილდო გადაეცა.
ღონისძიებიდან გავრცელებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა სოციალური ქსელები ააფეთქა, მომხმარებელთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ ქერი უცნაურად გამოიყურებოდა. გაჩნდა ვარაუდები პლასტიკური ქირურგიის შესახებ, თუმცა ყველაზე ხმაურიანი ის ვერსია აღმოჩნდა, თითქოს სცენაზე თავად მსახიობი კი არა, მისი ორეული იდგა.
კონსპირაციის გაძლიერებას ხელი შეუწყო ბრიტანელი არტისტისა და გრიმიორის, ალექსის სთოუნის პოსტმაც, რომელმაც „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტოები და მინიშნება გააკეთა, თითქოს პარიზში ქერის ნაცვლად, თავად იყო წარმოდგენილი. ამან ინტერნეტში სპეკულაციების ახალი ტალღა გამოიწვია.
თუმცა, მსახიობის წარმომადგენელმა გამოცემა Daily Mail-თან კატეგორიულად განაცხადა, რომ ცერემონიას პირადად ჯიმ ქერი ესწრებოდა. იგივე დაადასტურეს ღონისძიების ორგანიზატორებმაც. მათი თქმით, მსახიობის ვიზიტი თვეებით ადრე იყო დაგეგმილი და მისი გამოჩენა „ისტორიულ მომენტად“ შეფასდა. დაჯილდოების წარმომადგენლების ინფორმაციით, ქერი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა ღონისძიებას.
მიუხედავად ოფიციალური განმარტებებისა, სოციალურ ქსელებში კვლავ აგრძელებენ დისკუსიას მსახიობის გარეგნობაზე.