სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია.
ამის შესახებ მან სენატში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება უნდა გააგრძელონ, რათა ხალხის ნება ასახონ და ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან დააახლოონ.
ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სენატორი შაჰინი იმასაც ამბობს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა.
მისივე თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად.
„რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია.
2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს“, – განაცხადა შაჰინმა.
სენატორის მოსაზრებით, რუსეთი მუდამ მზად იყო და კვლავ მზადაა, ნატო-ს გაფართოების შესაჩერებლად და შავ ზღვაზე კონტროლის გასაძლიერებლად, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა გამოიყენოს. მისი თქმით, რუსეთის ბოროტი ზრახვების მაგალითები, ნათლად იხილა ივნისში, უკრაინასა და საქართველოში ვიზიტისას.
„რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სენატორი მერფი და მე, უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები.
ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა, რომელიც 70 წელზე მეტია ინარჩუნებს მსოფლიო წესრიგს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის საომარი ქცევების საპასუხოდ, ყირიმის ანექსიის შემდეგ.
ნატომ წარმატებით გაამყარა ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა. „Sea Breeze“ არის ყოველწლიურ წვრთნები, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობით იმართება და ჩვენ შავი ზღვის მოკავშირეებს, სოლიდარობის მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის,“ – განაცხადა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.
მისი შეფასებითვე, შავი ზღვის საკითხებზე ნატო-ს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, რადგან რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გასაღები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია.