შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარს 62 500-მდე გაზრდის.
ბაიდენის სიტყვებით, ის ასევე აუქმებს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმამდე, 15 000-მდე შეამცირა, „რაც არ ასახავდა ამერიკის, როგორც ერის ღირებულებებს, რომელიც მიესალმება და მხარს უჭერს ლტოლვილებს.”
ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ბაიდენის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტს ეჭვი ეპარება შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე, 30 სექტემბრამდე, 62 500 ლტოლვილის მიღება შეძლოს.
“სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ წელს 62 500 ლტოლვილის მიღებას ვერ მოვახერხებთ. სწრაფად ვმუშაობთ იმ ზიანის გამოსასწორებლად, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოგვადგა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მუშაობა უკვე მიმდინარეობს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ „დემოკრატმა“ კანონმდებლებმა ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკეს მის მიერ, 2 კვირის წინ ხელმოწერილი განკარგულების გამო, რომლის თანახმადაც 2021 ფისკალური წლის განმავლობაში მისაღები ლტოლვილების ლიმიტი 15 000 უნდა ყოფილიყო, მაშინ, როცა თებერვალში ბაიდენმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა, შეცვლიდა და ზღვარს 62 500-მდე გაზრდიდა.