ჯო ბაიდენმა, აშშ-სა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ, მან ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან ტელეფონით საუბრისას აღნიშნა. აღნიშნული ინფორმაცია, თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა “ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცების მიმართ, მათ შორის ნატოსა და შეერთებული შტატების ევროკავშირთან პარტნიორობით გზით, მის ერთგულებას ხაზი გაუსვა”.
სატელეფონო საუბრის შესახებ, ინფორმაცია ელისეის სასახლემაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორი ლიდერი კლიმატის ცვლილებებსა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე შეთანხმდა. ”მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ერთად იმოქმედონ ახლო და შუა აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით, განსაკუთრებით ირანის ბირთვული შეიარაღების საკითხზე”.
მათივე განმარტებით, ბაიდენმა და მაკრონმა პირობა დადეს, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთთან, რუსეთსა და დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთად იმუშავებენ.
