დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინის პარლამენტში ონლაინრეჟიმში სიტყვით გამოვიდა.
ჯონსონმა მიმართვის დროს უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს:
“პუტინის ჯარისკაცებს აღარ ამართლებთ ის ფრაზა, რომ არ იციან, რას აკეთებენ. ისინი სჩადიან სამხედრო დანაშაულებს, მათი სისასტიკე თანდათან იზრდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ…
და ამ წუთში მე კიდევ მაქვს თქვენთვის გზავნილი – უკრაინა გაიმარჯვებს!
ეს არის დემოკრატია ტირანიის წინააღმდეგ, ეს არის თავისუფლება ჩაგვრის წინააღმდეგ, ეს არის კანონი უკანონობის წინააღმდეგ, ეს არის სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ და ამიტომ, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ის გაიმარჯვებს!
ამ ქვეყნის დედაქალაქის ლამაზ ქუჩებში ვიარე და ვნახე უკრაინელების ნება – ვისაც ყურები აქვს, ისმენს, ვისაც თვალები აქვს, ხედავს, რომ უკრაინა იბრძვის და თავს დაიცავს.
პუტინის სამხედრო მანქანა უკრაინულ პატრიოტიზმს წააწყდა, დაეცა და ჩამოიმსხვრა. მოწინააღმდეგე თქვენი სამშობლოს სიყვარულმა შეაჩერა. ეს უკრაინის დიდების ჟამია, რომელსაც მომავალი თაობები გაიხსენებენ.
ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ძალიან ნელი აღმოვჩნდით იმის გააზრებაში, რაც მოხდა. ჩვენ ამას ერთბაშად ვერ მივხვდით და ვერ მოვახერხეთ პუტინისთვის საჭირო სანქციების დაწესება. ჩვენ აღარ გვაქვს უფლება გავიმეოროთ ეს შეცდომა”, – მიმართა ჯონსონმა უკრაინის რადას.
ბორის ჯონსონმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს:
“წარმოგიდგენთ მხარდაჭერის ახალ პაკეტს – 300 მილიონი ფუნტი. რადარები, რომლებიც თქვენი ქალაქებისკენ მიმართული არტილერიის ადგილმდებარეობის დადგენაში დაგეხმარებათ, ასევე დრონები თქვენი ძალების გასაძლიერებლად.
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც თქვენი ქვეყანა ბრიტანელებში ემოციებსა და თანადგომის სურვილს იწვევს – თქვენ წინ აღუდექით პუტინის მკვლელ აგრესიას, თქვენ იცავთ თქვენს თვითგამორკვევის უფლებას პუტინის გიჟური რევანშიზმის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
