ჯორის ძუა გვხვდება მშრალ ნიადაგებზე ქართლში, კახეთში, მთიულეთში, მესხეთ-ჯავახეთში. ქართლში მას ჯორის კუდს უწოდებენ, ჯავახეთში კი ცხენის ძუას. იგი მრავალწლიანი ბუჩქია, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს ერთნაირად მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ჯორის ძუა შეიცავს ალკალოიდებს, ძირითადად ალკალოიდ ეფედრინს, ფსევდო-ეფედრინს, მეთილ-ეფედრინს. ალკალოიდების შემცველობა შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით ბევრია. მცენარის ნაყოფი კი დიდი რაოდენობით ც-ვიტამინს შეიცავს. გარდა ამისა გვხვდება მთრიმლავი ნივთიერებები და მინერალური ელემენტები. მედიცინაში ჯორის ძუას ტოტები გამოიყენება, რომელიც მწვანე ფერისაა, არ აქვს სუნი, ხოლო გემოს არ უსინჯავენ, რადგან მცენარე შხამიანია. ამიტომ მას, სხვა ნედლეულისაგან მოშორებით ინახავენ, ხოლო მასთან მუშაობისას საჭიროა დოლბანდი, სპეციალური სათვალე და მუშაობის შემდეგ ხელის კარგად დაბანა საპნით.
უძველესი ხალხური მედიცინით ჯორის ძუა რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს გამოიყენება. თანამედროვე მედიცინაში მცენარის ძირითადი სასარგებლო ნივთიერება ალკალოიდი ეფედრინი ჰიდროქლორიდის სახით გამოიყენება. ეფედრინი აღაგზნებს ც.ნ.ს-ს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, უმატებს სისხლის წნევას, ავიწროებს სისხლძარღვებს, ადუნებს ბრონქების მუსკულატურას, ასტიმულირებს სუნთქვის ცენტრს და აღრმავებს სუნთქვას. იგი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, ყივანახველას, ჭინჭრის ციების, დაბალი წნევისა და სხვა ალერგიული დაავადებების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია საძილე და ნარკოტიკული საშუალებებით მოწამვლისას, ასევე ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში.
ალკალოიდი ეფედრინი მრავალი სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შედის, როგორიცაა: ანტასმანი, თეოფედრინი, სოლუტანი და სხვა. რადგან ალკალოიდი ეფედრინი ც.ნ.ს-ს აღაგზნებს, დაუშვებელია მისი ღამით, ძილის წინ მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ ძილის მოშლა. ჯორის ძუას პრეპარატების მიღება არ შეიძლება ჰიპერტონიანი, ათეროსკლეროზიანი და ძლიერ აღგზნებული ავადმყოფებისათვის, აგრეთვე გულის კუნთის დაზიანების დროს და იმ პირთათვის ვისაც უძილობა აწუხებს. ეფედრინის მიღებისას ზოგჯერ ავადმყოფს სწრაფწარმავალი სუსტი ცახცახი ემართება. დიდი დოზით მიღებისას კი შეიმჩნევა აგზნება, უძილობა, მთელი სხეულის ან კიდურების ცახცახი, პირღებინება, შარდის შეხუთვა და ოფლიანობის გაძლიერება. იგი მიეკუთვნება ბ-სიის იგივე ძლიერ მოქმედ ნივთიერებათა რიცხვს. მასტიმულირებელი თვისებების გამო დოპინგის სიაშია შეტანილი.