სს “გალტ & თაგარტმა” და “პაშა ბანკმა”, შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) 6 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველჰყვეს.
როგორც “ფორტუნას” სს “გალტ & თაგარტში” განუცხადეს, ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7.5%-იანი მარჟა. შესაბამისად, ობლიგაციის ეფექტური ღირებულება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს წლიურ 15%-ს და გადახდა განხორციელდება ყოველკვარტალურად.
მათივე თქმით, განთავსების აგენტები, “პაშა ბანკი” და “გალტ & თაგარტი”, უზრუნველყოფენ, რომ GWP-ის ობლიგაციები დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
” დღეს უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი გამოხატავს მზადყოფნას, რომ სახსრები დააბანდოს ჩვენს კომპანიაში, რადგან სანდოობა კომპანიის მიმართ გაზრდილია – ამას ადასტურებს Fitch-ის რეიტინგიც, რომელიც, სულ ახლახან, მიენიჭა GWP-ს”, – განაცხადა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ფინანსური დირექტორის, გიორგი ვახტანგიშვილის თქმით კი, მათი კომპანიისთვის, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებითია საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია.
“GWP-თვის ეს უკვე ობლიგაციების ემისიის მეორე რაუნდია, ამჯერად უკვე 6 მლნ ლარზე, და გამოშვებული ობლიგაციები სრული მოცულობით განთავსდება,” – განმარტა გიორგი ვახტანგიშვილმა.
“პაშა ბანკის” გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა განაცხადა, რომ “პაშა ბანკი” აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც, ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.
“აღნიშნული თანამშრომლობით, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ უკვე არსებული პარტნიორობა GWP-ისთან, რასაც საფუძველი მიმდინარე წლის მარტში ჩაეყარა, როდესაც “პაშა ბანკმა”, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და “რუსთავის წყალი” 22.5 მლნ ლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით უზრუნველყო”, – განაცხადა შაჰინ მამმადოვმა.
“გალტ & თაგარტმა” უკვე უზრუნველყო ჯამში 100 მლნ ლარის მოცულობის ადგილობრივი ობლიგაციების განთავსება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში კაპიტალის ბაზრების ჩამოყალიბებისთვის.
