ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი უმაღლესი დონის შეხვედრაზე მუშაობს.
ამის შესახებ ბორელმა ესპანეთის ქალაქ სანტანდერში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქში ჯიდაში ჩატარებული მოლაპარაკებების გაგრძელება გახდება, რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, ჯიდაში ჩატარებული შეხვედრა უკრაინის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახდა, რომელიც ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეგავლენის მოხდენას აიძულებს.
“ომის შეჩერება მხოლოდ რუსეთს შეუძლია, რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთმა უნდა შეწყვიტოს, ევროკავშირი კი – უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს”, – განაცხადა ბორელმა.
