LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ეს იყო ჩემი ცოლის ძმის ქმედების გამო გამოწვეული, სამინისტროში თუ რაღაც არასწორი გავაკეთეთ… მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ“

110
ჯუანშერ ბურჭულაძე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურის და ვასილ მხეიძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

„ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ხარჯები, რაც თავდაცვის სამინისტრომ გაიღო, საჭიროება იყო“ – ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ „მორალურ და ამასთან, თუ იქნება ფინანსური პასუხისმგებლობაც, გაიზიარებს“.

„მაქვს სპეციფიკური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება, მჭირდება პროცედურები, რაც საპატიმროში ვერ კეთდება, მაქვს მორალური პრობლემაც, ასევე მყავს 8 შვილი“ – ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს

„მე სხვა მუხლი მაქვს წაყენებული, ჩემს ოჯახის წევრს და ჩემს ყოფილ მოადგილეს სხვა მუხლი, მაგრამ არ მინდა ისე წარმოჩინდეს, რომ მხოლოდ ჩემი თავი წარმოვაჩინო. მინდა დაგანახოთ, სიმართლე როგორ იყო, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი პირველი ამოცანა.

რა თქმა უნდა, მორალურ პასუხისმგებლობას და, ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ, ეს იყო ჩემი ცოლის ძმის რაღაც ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ.

არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხვას, მინდა იცოდეთ, რომ ორივე შემთხვევაში, ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, ჩემი ცოლის ძმის თუ თანამშრომლების, ამ პასუხისმგებლობას გავიზიარებ, სამართლებრივად შეიძლება მე შემეხოს, მაგრამ მორალურად პასუხისმგებლობას ყველა შემთხვევაში გავიზიარებ“, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯუანშერ ბურჭულაძეს, საერთო ჯამში, 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ვლადიმერ ღუდუშაურს და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g