LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯული ენდრიუსი – ქალი, რომელიც ჩვენში ბავშვობის სინათლეს აცოცხლებს

114
ჯული ენდრიუსი

არიან ადამიანები, რომლებიც ერთი გამოჩენითაც კი განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებენ ადამიანების გულებში. არიან მსახიობები, რომლებსაც ეკრანზე დანახვისას, ბავშვობის სითბო, სიკეთე და სიმშვიდე გვახსენდება. ჯული ენდრიუსი სწორედ ასეთ ადამიანებს შორისაა – ქალი, რომლის ხმა და ღიმილი ათწლეულებია მილიონობით ადამიანს ახარებს.

ჯული ენდრიუსი დაიბადა 1935 წელს ინგლისში. მამა მუსიკოსი ჰყავდა, დედა კი მომღერალი. ოჯახი ომიანობის წლებში მძიმე პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ პატარა ჯული ყოველთვის მუსიკით ამსუბუქებდა ყველაფერს. მისი ნიჭი ძალიან ადრე შეამჩნიეს, ოთხოქტავიანი ხმა ჰქონდა, უნაკლო სმენითა და საოცარი სცენური მიმზიდველობით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა თეატრის სცენაზე დადგა ფეხი და მალევე გახდა ლონდონის ბავშვთა მუსიკალური ღონისძიებების ვარსკვლავი. 1954 წელს ამერიკელმა პროდიუსერებმა ენდრიუსი ნიუ-იორკში მიიწვიეს, რათა მთავარი როლი შეესრულებინა ბროდვეის დადგმაში „მეგობარი“.

პოლი ბრაუნის როლმა ენდრიუსს პოპულარობა და წარმატება მოუტანა. თუმცა, ეს მხოლოდ პრელუდია იყო იმ ნამდვილი აღიარებისა, რომელიც მას ელიზა დულიტლის როლის შემდეგ მოჰყვა ფილმში „ჩემი მშვენიერი ლედი“. ენდრიუსის პარტნიორი ოსკაროსანი მსახიობი, რექს ჰარისონი იყო. ეს დუეტი „ბროდვეის“ სცენაზე დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ბრწყინავდა და მაყურებლის აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ბრწყინვალე შესრულებამ მსახიობს მიუზიკლში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში პრესტიჟული „ტონის“ ჯილდო, „ბროდვეის დედოფლის“ ტიტული მოუტანა.

ჯულის კიდევ ერთი მთავარი როლი ელოდა 1960 წლის ფილმში „კამელოტი“, რომლისთვისაც ის კვლავ იყო ნომინირებული „ტონის“ პრემიაზე, თუმცა მან ვერ შეძლო წინა წარმატების გამეორება. მალევე, ჯულიმ კიდევ ერთი საინტერესო შეთავაზება მიიღო „დისნეისგან“ – ფილმში „მერი პოპინსი“ მთავარi როლი შეესრულებინა. ჯული მთელი მონდომებით ჩაერთო თავის საქმეში და მალევე დაამტკიცა, რომ პროექტის ჰიტად ქცევა შეეძლო. მიუზიკლი სტუდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული გახდა და მისმა განსაცვიფრებელმა შესრულებამ მომღერალს დამსახურებული ჯილდო „ოსკარი“ მოუტანა.

მომდევნო წელს ენდრიუსი კვლავ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ ფილმში „მუსიკის ჰანგები“ შესრულებული როლისთვის. ამჯერად მსახიობმა ჯილდო ვერ მიიღო, თუმცა კრიტიკოსებმა ფილმი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს, ძირითადად ბრიტანელი მსახიობის სამსახიობო ოსტატობის წყალობით. ენდრიუსი თამაშობდა უბრალო გოგონას, მარიას როლს, რომელმაც სამსახური დაიწყო დაქვრივებული კაპიტან ფონ ტრაპის სახლში და მისი შვიდი შვილის გუვერნანტი გახდა.

1966 წელს ჯულიმ ითამაშა ალფრედ ჰიჩკოკის ბნელ ჯაშუშურ თრილერში „დახეული ფარდა“, სადაც პოლ ნიუმენთან ერთად გაიბრწყინა. მისი შემდეგი პროექტი იმავე წელს იყო ეპიკური დრამა „ჰავაი“, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ჰავაის კუნძულებზე მისიონერული საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. ჯული ენდრიუსმა კიდევ ერთი წარმატება აღნიშნა 1967 წლის რომანტიკულ კომედიაში „სრულიად თანამედროვე მილი“ შესრულებული გამორჩეული შესრულებით. ამბიციური სტენოგრაფისტისა და სიმდიდრის მაძიებელი უფროსის როლმა მას „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია მოუტანა. 1970-იან წლებში მსახიობი, ძირითადად, ტელევიზიით იყო დაკავებული.

1997 წელს ჯულის ცხოვრება თითქოს დაინგრა, წარუმატებელი ვოკალური იოგების ოპერაციის შედეგად, მან ლამაზი ხმა დაკარგა. თავდაპირველად, ექიმები მომღერალს არწმუნებდნენ, რომ ხმა რამდენიმე კვირაში დაუბრუნდებოდა. თუმცა, ორი წლის შემდეგაც კი, არტისტმა პრობლემისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.

2000 წელს გამოვიდა ერიკ სტაილზის კომედია „ცისფერი სისხლი“, რომელშიც მთავარ როლს ჯული ენდრიუსი ასრულებს. ვარსკვლავის პერსონაჟი გრაფინია ფელისიტი მარშვუდია, ეკრანზე კი მის შვილს ედვარდ ატერტონი თამაშობს. 2001 წელს ბრიტანელი მსახიობი გამოჩნდა ფილმში „პრინცესას დღიურები“, სადაც მთავარ როლს ენ ჰეთევეი ასრულებდა, დედოფალ კლარიზას როლში. ეს ჯულის მეორე გამოჩენა იყო დისნეის პროექტში, „მერი პოპინსის“ წარმატების შემდეგ.

ჯული ენდრიუსის  პირველი ქორწინება, თეატრალურ დიზაინერ ტონი უოლტონთან, ხანმოკლე იყო. წყვილი ახალგაზრდობაში შეხვდა ერთმანეთს მშობლიურ ინგლისში, 1940-იანი წლების ბოლოს და დაქორწინდა 1959 წელს. 1962 წელს მათი ქალიშვილი ემა ქეით უოლტონი ლონდონში დაიბადა. 1969 წელს ჯული დაქორწინდა სცენარისტსა და რეჟისორ ბლეიკ ედვარდსზე, მათი კავშირი ბედნიერი აღმოჩნდა. წყვილი 40 წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა ერთად, ზრდიდნენ შვილებს წინა ქორწინებიდან და ვიეტნამიდან იშვილეს ქალიშვილები – ემი და ჯოანა. 2010 წელს მსახიობი დაქვრივდა.

დღეს ჯული ენდრიუსი 90 წლისაა, მაგრამ ისევ ისეთი სინათლით ანათებს, როგორც მაშინ, როცა პირველად იმღერა The hills are alive with the sound of music. მისი ხმის მოსმენისას თითქოს დრო ჩერდება, თითქოს ყველაფერი ისევ მარტივია, ისევ ბავშვური და ისევ სიკეთით სავსე. ჯული ენდრიუსი გვახსენებს, რომ ნამდვილი ტალანტი არ არის მხოლოდ სიმღერაში, არც კამერასთან. ის არის გულში, იმ უბრალო, სუფთა გულში, რომელსაც ვერც ომი, ვერც ასაკი და ვერც დრო ვერ ამღვრევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები