28 აპრილს რადიო “არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას “რადიო დუეტი” ჯუმბერ ამანათაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის “აღარ გიყვარვარ” პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა სიმღერის “წყლის ნაპირზე” ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.
ბატონო ჯუმბერ, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
ჯერჯერობით ის სიახლეა, რომ მოვახერხე და ჩავწერე სიმღერა, რომელსაც დღეს მოისმენს მსმენელი.
მოგვიყევით სიმღერის “აღარ გიყვარვარ” ისტორია.
მოგეხსენებათ, ჩემი სიმღერები ავტობიოგრაფიულია. ეს სიმღერა დაწერილია 1988 წელს, მაშინ, როცა ” გოგოვ, გოგოვ, შავთვალა” შეიქმნა და როდესაც მე კონსერვატორიის სტუდენტი გახლდით, მაგრამ ეს სიმღერა უბრალოდ იდო. მე უამრავი სიმღერა მაქვს დაწერილი, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის. როდესაც სტუდენტი ხარ, ბევრ გოგონას ეპრანჭები, კარგი წლებია. ერთმა ვიღაცამ გადმომცა წერილი, სადაც ეს ლექსი იყო. საერთოდ, არც ვიცი ვინ არის ავტორი. ვერ ვიპოვე ეს პიროვნება, მაგრამ იმდენად მომეწონა ლექსი, რომ სიმღერა დავწერე. ახლა მომეცა ამ სიმღერის გაკეთების საშუალება. არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ჩაიწერა ბადრი ფილიშვილის სტუდიაში, მაგრამ ბალანსირება პაატა ფაცურიამ გააკეთა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს სიმღერა დღევანდელ ჩემს პიროვნულ ცხოვრებას შეესაბამება და მინდა, რომ ჩემს ყოფილ სიმპათიას მივუძღვნა.
ბოლოს როდის გიყვარდათ?
იყო ძალიან ლამაზი დრო, წლები, ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.
შემოქმედებით საღამოს გაკეთებას თუ გეგმავთ?
უკვე საკმაოდ დაგროვდა სიმღერები იმისთვის, რომ კონცერტზე გაჟღერდეს. ვნახოთ, წინასწარ არ მინდა საუბარი. 8 მაისს ქალბატონ მარიკო კვალიაშვილის საღამოზეც ვარ მიწვეული.
ჯუმბერ ამანათაშვილი – აღარ გიყვარვარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯუმბერ ამანათაშვილი – წყლის ნაპირზე. Live
ჯუმბერ ამანათაშვილი. ვიდეო კოლაჟი