LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KA Group – გამოცდილებით გამოწვევების პირისპირ

1225
ირაკლი ჭიღლაძე

ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, შესაბამისად, დასვენების მსურველებისთვის უფრო და უფრო აქტუალური ხდება სასტუმრო სექტორში არსებული სიახლეები. წლევანდელ გამოწვევებს, სასტუმროების ქსელი KA Group, როგორც ყოველთვის, მომზადებული ხვდება.

KA Group-მა ბაზარზე პოზიციონირება 2018 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ბაზრის ტენდენციების კვალდაკვალ, ცდილობს, საქართველოს სასტუმროები იყოს ყველაზე კომფორტული და სასიამოვნო ადგილი ვიზიტორებისთვის.

ირაკლი ჭიღლაძე, სასტუმროების ქსელის Ka group-ის დამფუძნებელი:

– KA Group საქართველოს ოთხ რეგიონში (თბილისი, ბაკურიანი, გუდაური, კურორტი საირმე) ექვს სასტუმროს მართავს, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრების სხვადასხვა რაოდენობა გვყავს. განვითარების თვალსაზრისით, დღეს თბილისი ერთ-ერთი მთავარი ხაზია, სადაც საერთაშორისო დამსვენებლები იყრიან თავს და შემდეგ აქედან ხდება რეგიონებში ჩაშლა.

თბილისში ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 350 ოთახ ფონდი, ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი ოთახ ფონდი და ვცდილობთ, მაქსიმალურად მივწვდეთ ყველა ქვეყანას და სხვადასხვა ქვეყნიდან ვიყოთ დატვირთულები. ესეც გამოცდილებამ მოიტანა. მოგეხსენებათ, სტუმარმასპინძლობის ბიზნესი კარგი სისწრაფით ბოლო 10-15 წლის განმავლობაში განვითარდა, შესაბამისად, განვვითარდით ჩვენც, ამ სფეროში დასაქმებულები და ვნახეთ, რომ, მაგალითად, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ გამო ის სასტუმროები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულნი, პრობლემები შეექმნათ, სასტუმროებს პრობლემა შეექმნათ 2018 წელსაც ირანთან გარკვეული შეზღუდვების დაწესების გამო. ამ მოვლენებმა ის გვასწავლა, რომ შევეცადოთ, მაქსიმალურად მეტი ქვეყნიდან მივიღოთ ჯავშნები.

თუ პანდემიის შემდეგ, 2022-2023 წლებში, უფრო ქაოსური დაგეგმარება მიმდინარეობდა დიდი რაოდენობის ბოლო წუთის ჯავშნების გამო, 2024 წელს უკვე ბევრი მიმართულებით გვაქვს სწორი და კარგი წინსვლა – გვაქვს ბევრად უფრო კარგი დატვირთულობა და ბიზნესიც უფრო დაგეგმილია. რას ვგულისხმობ დაგეგმილ ბიზნესში, არსებობენ დიდი ტურისტული კომპანიები, ე.წ. შარქები, რომლებიც ამ სფეროში ამინდს ქმნიან და წლის დასასრულს ან წლის დასაწყისში უკვე გიგზავნიან მთელი წლის ჯავშნებს როგორც რითეილის, ასევე ჯგუფების მიმართულებით. 2024 წელს ეს ფუფუნება უკვე გვქონდა და, შესაბამისად, სასტუმროში დასაქმებულმა ხალხმა საქმიანობის სწორად დაგეგმარება შევძელით. დღევანდელი მონაცემებითაც, 2025 წელზე უკვე კარგი მოცულობის ჯავშნები გვაქვს და ეს სწორედ სხვადასხვა სწორმა აქტივობამ განაპირობა.

როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო ბიზნესმა კარგად შეისწავლა, რაზეა მგრძნობიარე სტუმარი, როგორ შეიძლება ახალი ბაზრების გახსნა და ა.შ. თუ 2016-2017 წლებს გავიხსენებთ, კონკრეტული სახელმწიფო პროექტები არსებობდა, მაგრამ კერძო ბიზნესი მათში აქტიურად არ იყო ჩართული და მხოლოდ სახელმწიფოს უჭირდა სფეროს განვითარება. 2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ინდოეთის და ჩინეთის ბაზრები გაეხსნა. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ორი გიგანტი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგ ამინდს შექმნის, თუ სწორად ვიოპერირებთ. უნდა აღვნიშნო, რომ პირველად, ამ სფეროში ჩემი 15 წლიანი მუშაობის მანძილზე, მე და ჩემს სხვა კოლეგებს ინდოეთში გამოფენაზე სავიზიტო ბარათები გაგვითავდა, იმდენად დიდი მოთხოვნა იყო ჩვენს რეგიონზე, იმდენად ბევრი შეხვედრა გვქონდა, ასეთი მოლოდინი მართლაც არავის გვქონია. გარდა ამისა, პირდაპირი ფრენები რომ დაინიშნა, უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ამან განაპირობა ის, რომ შედარებით უფრო დასტაბილურდა სასტუმრო ბიზნესი, კერძოდ, განსაკუთრებით იმ სასტუმროებისთვის, რომლებსაც ბანკის სესხი აქვთ, პრობლემური იყო არა მხოლოდ პანდემიის პერიოდი, არამედ 2022-2023 წლებიც, რადგან სასტუმროს ოთხი ძირითადი ხარჯი აქვს: სახელფასო, კომუნალურები, სახელმწიფო გადასახადები და პროდუქტის თვითღირებულება (Product cost). აღნიშნულ პერიოდში ხარჯები ოთხივე მიმართულებით გაიზარდა, გასაყიდი ოთახის ღირებულება კი შემცირდა. შესაბამისად, მაგალითად, თუ 2017-2018 წლებში ბიზნესის მფლობელისთვის წმინდა მოგება 40%-ს ცდებოდა და მსგავსი ბიზნესი კარგი ბიზნესია, სასტუმრო ბიზნესს მოუწია ადაპტირება და თუ დღეს 20-25%-ზე გადიხარ თბილისის რეალობაში, ითვლება, რომ სასტუმროს სწორად მართავ. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ პრაქტიკაში ვისწავლეთ, ყველას მოგვიწია ადაპტირება, შესაბამისად, გამოწვევებს ჩვენს სფეროში მეტ-ნაკლებად ვართმევთ თავს.

– ახალი ტიპის დამსვენებლის შემოსვლასთან ერთად, მათ სამომხმარებლო ქცევასთან ადაპტაციაც თუ მოგიწიათ?

– ეს სფერო განსაკუთრებით საინტერესოა ამ მიმართულებითაც. ძალიან ცოცხალი სეგმენტია და ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის განვითარება შეიძლება ჰპოვო. მაგალითად, ინდოეთის ბაზრის გახსნამ, მინიმუმ, ის მოგვიტანა, რომ ჩვენი სამზარეულო მიმართულებით ოპერირება კიდევ უფრო შეიცვალა, კიდევ უფრო დაიხვეწა. ინდოეთსაც, ისრაელის მსგავსად (რომელიც მანამდე აქტიური ბაზარი იყო), სპეციფიკური კვება სჭირდება, შესაბამისად, დავსხედით ჩვენს შეფმზარეულებთან ერთად, კვებისა და სასმელების მენეჯერთან ერთად, შევისწავლეთ მათი მენიუ, რა მოსწონთ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. ანალოგიურად მოვიქეცით ჩინეთთან მიმართებითაც. ესეც ახალი გამოცდილება და მეტის სწავლის შესაძლებლობაა.

– მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით როგორი მოლოდინები გქონდათ ან ჯერ კიდევ გაქვთ?

– მოლოდინები ძალიან ოპტიმისტური გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მცირე რყევები გვქონდა და გარდაუვალი მგონია ჩვენი ტიპის პატარა ქვეყნებისთვის პოლიტიკურ პროცესებზე მგრძნობიარობა, მაგრამ ბიზნესი უკვე იმდენად გამოცდილია, რომ სწრაფად ახერხებს გადაწყობას და ადაპტირებას. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობი წინსვლა გვაქვს. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს აეროპორტების გაერთიანება, რათა კიდევ უფრო მეტი ფრენა დაემატოს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც დიდი მოთხოვნაა. ამ მხრივ ქუთაისის აეროპორტი ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზად იქცა, ის სულ ვითარდება, იზრდება, ფრენები ემატება. შესაბამისად, ქვეყანაც მხოლოდ თბილისი-აჭარაზე აწყობილი აღარ არის და სამი ძირითადი მთავარი ქალაქი (Main city) გვაქვს და აქედან ხდება გაშლა. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ეხმარება სტუმარმასპინძლობის ბიზნესს, ტურისტმა რაც შეიძლება საინტერესო თავგადასავლები გაიაროს, ე.წ. Repeat Guest-მა, ანუ კიდევ ჩამოსულმა სტუმარმა, განსხვავებულ ტურში მიიღოს მონაწილეობა. საქართველო გვაძლევს ამის ფუფუნებას.

– ეთქმის თუ არა თქვენს სამომავლო გეგმებს ამბიციური?

– გვაქვს მოკლე და გრძელვადიანი გეგმები. ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროში ჩვენი მსგავსი მენეჯმენტ კომპანიების განვითარება, ვფიქრობ, გარდაუვალია ერთი მარტივი მიზეზით – დღეს საქართველოში ბევრად მეტი სასტუმრო და ოთახ ფონდი არსებობს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ამ სასტუმროებისთვის იმუშავებენ, მით უფრო, კვალიფიციური კადრები. 2018 წელს, როდესაც კომპანია შევქმენით, მთავარი მიზანი და მოტივი იყო სასტუმროების დახმარება, რასაც იურიდიული სტატუსი მივეცით, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამბიციებიც გაგვეზარდა და გვაქვს იმედი და ძალიან მალე მოვახერხებთ იმას, რომ საქართველოში ყველაზე დიდი მენეჯმენტ კომპანია ვიყოთ. ამის შემდეგ აუცილებლად გავცდებით საქართველოს საზღვრებს, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყანასთან და შესაძლოა, სასტუმროების მმართველ უფრო დიდ კომპანიად ვიქცეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g