ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ქალთა ნაკრების მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას დისკრიმინაციაში, შევიწროებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თემაზე, თათია ლორთქიფანიძემ, მისმა მამამ – ყოფილმა დეპუტატმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და პირადმა მწვრთნელმა, გელა მახარაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც ძალოსანი აცხადებს, მისთვის 5 აპრილს გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გამოდიოდა. მისი თქმით, ეს ფაქტი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება.
„იყო ტრენერის მიერ შეურაცხყოფის ფაქტები, ზეწოლა, ორსულობის თემა დამაბრალა. ეს ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო. შეუძლებელი იყო მასთან მუშაობა. ერთხელ ოთახში შემოვიდა – „კაცი ხომ არ გინდაო?“. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ვუთხარი, ოთახიდან გასულიყო,“ – განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.
თათიას მამის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, თემურ ჯანჯაღავა არ არის ძალოსანი, არ აქვს მწვრთნელის ლიცენზია და, შესაბამისად, უფლება არ აქვს, ავარჯიშოს სპორტსმენი.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, არაკვალიფიციური წვრთნისა და ვარჯიშის შედეგად თათია ლორთქიფანიძემ ტრავმა მიიღო. გარდა ამისა, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ჯანჯღავა სპორტსმენს ავიწროვებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
ძალოსანი სტატუსის აღსადგენად ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს.
ბრალდებებთან დაკავშირებით კი ძალოსნობის ფედერაციაში კომენტარის გაკეთებას ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე არ აპირებენ.