ავსტრალიაში კაცი ნაციონალურ პარკში დაიკარგა და ცოცხალი გადარჩა. ამის შესახებ The Sydney Morning Herald წერს.
23 წლის ჰადი ნაზარი მთებში სალაშქროდ გასული წლის 26 დეკემბერს გაემართა. იმავე დღეს ის მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა დათქმულ ადგილას აღარ გამოჩენილა. მათ ნაზარის გაუჩინარების შესახებ პოლიციას შეატყობინეს და მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებიც დაიწყო.
31 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებმა მდინარესთან ნაზარის დატოვებული ნაგავი და ჯოხები იპოვეს. 5 იანვარს ისინი გადააწყდნენ სანთებელას, ფოტო აპარატს და ჩანთას, რომელიც ასევე დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნოდა. ნაზარის გადარჩენა დაკარგვიდან 13 დღის გასვლის შემდეგ შეძლეს. დასუსტებულ მამაკაცს ტურისტთა ჯგუფი გადააწყდა. როგორც მან პოლიციას უთხრა, მთელი ეს დრო მთებში, ქოხში ცხოვრობდა და მაშველებს ელოდებოდა. ნაზარი იქვე შეგროვილი კენკრით იკვებებოდა.
მამაკაცს გაუწყლოება ჰქონდა, თუმცა სერიოზული ტრავმები არ მიუღია.
ნაზარის ოჯახმა მისი გადარჩენის დღე ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღედ აღიარა.