ინგა გრიგოლიას აქვს მოლოდინი, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდება, ამის შესახებ ჟურნალისტმა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეში პროკურატურის პარტნიორია და ეცდება, გამოძიებაში დაეხმაროს.
ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, მან 2012 წლამდეც იცოდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არსებობის შესახებ, თუმცა მაშინ პროკურატურისთვის არ მიუმართავს. აღნიშნული კადრების შესახებ გრიგოლიამ 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტყო.
რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მუქარას, რომ შემდეგ ჯერზე ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს გაავრცელებენ, ინგა გრიგოლიას არ აქვს ინფორმაცია, რა პერიოდში გადაღებული კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან.
„მე უკვე გადავლახე პირველი ემოცია, მზად ვარ ეს თემა ღიად განვიხილო. პირობას ვდებ, რომ საერთაშორისო მასშტაბით სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც არის ჩაწერილი ჩემი პირადი ცხოვრება,“ – განაცხადა გრიგოლიამ.
ამასთან, ჟურნალისტი ამბობს, რომ მას უკვე დაუკავშირდა სამი ძალიან ცნობილი საერთაშორისო მედიასაშუალება და დაკითხვის დასრულების შემდეგ მასთან ინტერვიუს ჩაწერენ.