LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაფუნე“- ახალგაზრდული კაფე რუსთავში, სადაც ყოფილი მსჯავრდებულები მუშაობენ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

113
კაფუნე 2

სოციალური საწარმო „კაფუნე“ 2019 წელს დაფუძნდა, ქალაქ რუსთავში. ის მომსახურების სექტორში მუშაობს და კაფე-რესტორანია.

„კაფუნე“ სტუმრებს უქმნის შესაძლებლობას, რომ დააგემოვნონ განსხვავებული კერძები სხვადასხვა ქვეყნიდან, მიიღონ მონაწილეობა კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და ასევე ცდილობს, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს შეუქმნას იდეალური გარემო პროფესიის შესწავლისა და დასაქმებისთვის.

2022 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რადგან სივრცის დაკარგვის გამო ახლიდან გაიხსნა „კაფუნე“, ასევე იგეგმება ახალი ფილიალის გახსნა, ისევ რუსთავში, რომელიც დამატებით მოემსახურება ერთგულ სტუმრებს.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ლუკა კობერიძე – „კაფუნეს“ დამფუძნებელი საუბრობს.

– რატომ ხართ თქვენ სოციალური საწარმო. ჩვენთან წარმოდგენა, აქვთ, რომ საწარმო ჰქვია, სადაც რაიმეს აწარმოებენ.  თქვენი სოციალური მისია რაში მდგომარეობს?

– სოციალური საწარმო გახსნის დღიდან ვართ. მანამდე სანამ „კაფუნე“ გაიხსნებოდა, სოციალური აქტივობებით ვიყავით დაკავებული. ამჟამად კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებასა და გადამზადებას უზრუნველყოფთ.

პრობაციონერებს და ყოფილ მსჯავდადებულებს ვასაქმებთ  საწარმოში, რაც თავისთავად ანაზღაურებადია.

ძირითად მზარეულისა და ბარმენის პროფესიას ვასწავლით. გადამზადების პროცესი დაახლოებით 6 თვე გრძელდება.

შემდეგ მათ აქვთ შესაძლებლობა, მუშაობა გააგრძელონ ჩვენთან. ამასთან შეგვიძლია დავეხმაროთ ამავე სფეროში სხვა სამსახურის მოძიებაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სფერო შეუცვლიათ და ამ მიმართულებით მუშაობა აღარ გაუგრძელებიათ.

მეორადი მიმართულება, რაც გვაქვს, არის ახალგაზრდებისთვის ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსის მიწოდება მათი საქმიანობისა და იდეების განხორციელებისთვის.

ჩვენთან მოდიან ახალგაზრდები, ვისაც აქვს რაიმე კონკრეტული იდეა და  ჩვენ ვეხმარებით მის ორგანიზებაში.

დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენთან ვიწვევთ და მათ იდეებს ვეცნობით და ვარჩევთ. მერე ამ ყველაფრის განხორციელებაში ვეხმარებით.

– ყოფილი პრობაციონერებისთვის და ყოფილი მსჯავრდადებულებისთვის დასაქმება ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა. ჩვენ საზოგადოებაში გარკვეული სტიგმა  არსებობს. ძალიან კარგია, რომ თქვენ მას აძლევთ ამის საშუალებას. თუ გაქვთ სტატისტიკა, რამდენმა ადამიანმა გაიარა თქვენი საფეხურები. თქვენთან რამდენი ადამიანი გადამზადდა და რამდენს გამოადგა თქვენთან მიღებული ცოდნა რეალურად ცხოვრებაში.

– ამჟამად 2 ბენეფიციარი გვყავს დასაქმებული. სამწუხაროდ ორ ადამიანზე მეტს ერთად ვერ ვასაქმებთ და ვერ ვამზადებთ, ვინაიდან საკმარისი რესურსი არ გვაქვს.

იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან 4 ბენეფიციარის  დასაქმებას მოვახერხებთ. ჩვენ არსებობის განმავლობაში გადავამზადეთ ჯამში კანონთან მყოფი ადამიანი და აქედან 6-მა ადამიანმა რეალურად იმავე მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა.

ჩვენთან ყოფნის ხანგრძლივობა დაახლოებით 9 თვეა. ზოგი პირდაპირ სხვა ორგანიზაციაში გადავიდა სამუშაოდ და ზოგმა ისევ ჩვენთან გააგრძელა მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შემდეგ მოვუძებნეთ ახალი სამსახური. ვცდილობთ, სხვაგან წავიდნმენ სამუშაოდ, რათა სხვა ადამიანებსაც მივცეთ იგივე შესაძლებლობა, რომ გადამზადების კურსი გაიარონ.

– როგორ პოულობთ ამ ადამიანებს? თვითონ მოდიან, თუ მათი მოძებნის ხერხები გაქვთ შემუშავებული?

– პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ვეძებთ ქვემო ქართლის რეგიონში ამ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ საკმარისი რესურსი და წვდომა ამ ადამიანების ინფორმაციაზე.

ჩვენ თვითონ ვერ ვეძებთ, რადგან ინფორმაცია საჯარო არაა. ამიტომ მათი გავლით ხდება ჩვენთან კომუნიკაცია. ისინი თავიანთ ბენეფიციარებს ჩვენ შესახებ ინფორმაციას აცნობენ და შემდეგ ყოფილი პრობაციონერები ჩვენ გვიკავშირდებიან.

მათი დასაქმება გასაუბრების შედეგად ხდება, ამას  უპირატესობას ვანიჭებთ. ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ მონდომებულები უნდა იყვნენ და ეს სფერო მეტნაკლებად უნდა აინტერესებდეთ.

განსაკუთრებული კრიტერიუმი, ან ასაკზე შეზღუდვა არ არსებობს, მთავარია ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაში იყოს.

– გარდა იმისა, რომ სოციალური მისია გაქვთ, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს ასაქმებთ და გარკვეულ ხელობას ასწავლით. მეორე საკითხია, რას სთავაზობთ დამატებით თქვენთან მოსულ ადამიანებს, რა გაქვთ გამორჩეული და რატომ უნდა მოვიდნენ „კაფუნეში“.

– ჩვენი სეგმენტი 25 წლამდე ახალგაზრდები არიან, მაგრამ უფრო ზრდასრულებიც მოდიან და ეს თავისთავად მოვლენაა. რეალურად რასაც ვთავაზობთ, არის სივრცე.  ჩვეულებრივ კაფეებს არ ვგავართ, სადაც მიხვალ და ყველაფერი გალამაზებულია.  ისეთ ადგილებში გვაქვს სივრცეები არჩეული, სადაც ძველი შენობა იყო. მათი განახლება მოხდა ჩვენი ჩართულობით.

ახალ ადგილებს არ ვეძებთ, ვეძებთ ისეთ ადგილებს, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ არსებული რესურსი გამოვიყენოთ. ასეთი შენობებია საბჭოთა კავშირის დროს აშენებული შენობები, ძირითადად თეატრები, რომელიც აღარ ფუნქციონირებს და ა.შ.

ვთავაზობთ ცოტა არასტანდარტულ მენიუს. ჩვენთან დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ მენიუ იცვლება და ყოველთვის განსხვავებულ კერძებს ვთავაზობთ.  ვცდილობთ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შევთავაზოთ რუსთაველებს კერძები, რათა მეტ-ნაკლებად გაიცნონ სხვა ქვეყნების სამზარეულოები. ამით ჩვენ დასაქმებულებსაც მეტ გამოცდილებას ვაძლევთ.

თბილისს არ შევედრებით,  ბევრად ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს, რაც იმ ადამიანებზე ორიენტირებული ფასებია.

– როგორ გადაიტანეთ პანდემია? როგორ გადარჩით?

– რთულად გადავიტანეთ. მაგრამ ერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ პანდემიის გამო არც – ერთი თანამშრომელი არ დაგვიკარგავს. თანამშრომლების 80 % ანაზღაურებას სრულად იღებდა.

მოხდა გადაწყობა იმ სამუშაოდან, რაც გვქონდა. გადავედით მიტანის სერვისზე.

ასევე დავამატეთ სივრცეების მომსახურების სერვისი, სადაც შესაძლებელი იქნება,სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება.

ეს პანდემიის პერიოდში ნამდვილად ვერ დაუპირისპირდება ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ შემოსავლის დივერსიფიკაციისთვის, იმისთვის, რომ მყარად ვიდგეთ ფეხზე, წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ყველაფერში თავისთავად გარკვეული რესურსიც ჩაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g