ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” კახა გოგიძე და ლაშა ღლონტი სტუმრობდნენ, მათ გადაცემის ფარგლებში ცოცხლად შეასრულეს ყველასათვის საყვარელი სიმღერა და ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე. გადაცემაში ,,ალილოს” ახალის სიმღერის ,,ბლუკანარი” პრემიერა გაიმართა.
კახა მოგვიყევი შენი შემოქმედებითი გზის პირველი ნაბიჯები…
ბავშვობიდან მოყოლებული თეატრში ვარ, ფაქტიურად იქ გავიზარდე. ჩავაბარე თეატრალურზე, პირველად სამსახიობო ფაკულტეტზე, მეორედ დრამის სარეჟისოროზე და ახლა დიდი იმედი მაქვს დავამთავრებ კინო-სარეჟისოროს.
სერიალ ,,ცოლის დაქალებში” მონაწილეობ, სადაც გაქვს პრეზიდენტის როლი, რამდენად ახლოსაა ეს პერსონაჟი შენთან?
ეს პერსონაჟი ახლოსაც არაა ჩემთან, ადრე შეიძლება ყოფილიყო, როდესაც არ ვიკლებდი სმა-ჭამას და ქეიფს, თუმცა საერთო ნამდვილად არაფერი გვაქვს.
ლაშა როგორ შეაფასებდი კახას შემოქმედებას?
კახა ერთი პერიოდი მღეროდა ,,ალილოში”, სადაც თავისი კვალი დატოვა. როდესაც ვიყავი კახას შვილის ქორწილში, მოვისმინე მისი შესრულებული სიმღერა ,,შენ ბიჭო ანაგურელო”, მე ასეთი რამ რამინ მიქაბერიძის შემდეგ არ მინახავს, ამ ადამიანმა ჩემთვის იმ დღეს მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ კაცს თანაბრად შეუძლია იყოს მსახიობი და მომღერალი.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
კახა: ლაშასნაირი ადამიანი იშვიათია, ბებიას კალთასავით ტკბილი ხმა აქვს.
ლაშა: მინდა გავიხსენო ერთი კადრი სერიალიდან, სუფრასთან ვართ ვღიღინებთ, კახა წამოწოლილია და უცებ ეუბნებიან ცუდ ამბავს, ამ დროს კადრი მოდის ჩემსკენ და უნდა მითხრან, რომ გიტარა გავაჩერო, თუმცა, არავინ არაფერს ამბობს, ვერ მეუბნებიან (იცინიან).
მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე, კახა ვიცით რომ საზღვარგარეთ გეგმავ წასვლას…
მივდივარ უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში, სადაც უნდა დავდგა სპექტაკლი სახელად ,,ადამიანი მოთამაშე” ძალიან საინტერესო პიესა. ასევე ვაპირებ ფილმების გადაღებას, რომელიც აუცილებლად იქნება პატრიოტიზმზე, ფილმი შეეხება აფხაზეთს. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვიტყვი, იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა.
ლაშა:
სამომავლო გეგმები ბევრი მაქვს. რაიონებში 63 კონცერტი ჩავატარე წელიწად ნახევარში, ყველანაირი დაფინანსების გარეშე. ბილეთები გაიყიდა იაფად და რა თქმა უნდა ეს გაკეთდა ხალხისთვის, ვხედავდი სავსე დარბაზებს და ბედნიერ ადამიანებს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია. დაიგეგმა რამოდენიმე კონცერტი, 24 მარტს მივემგზავრები ისრაელში, რომელიც ჩემი მეორე სამშობლოა. ებრაელი ერი უნიჭიერესი ერია, როდესაც იქ ჩავდივარ, ბევრ რამეს ვსწავლობ. შემდეგ მივემგზავრები ირლანდიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში და ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჯგუფი “ალილო” – ბლუ კანარი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
კახა გოგიძე და ლაშა ღლონტი – თმაში ჭაღარა შემომერია (დრო სწრაფად გადის). Live
კახა გოგიძე და ლაშა ღლონტი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები