LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „აგვისტოს შემდეგ გლდანის „თეთრი ტბა“ წყლით შეივსება“

160
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანის თეთრ ტბაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაოები დაიწყო და აგვისტოს შემდეგ ტბის წყლით შევსება დაიწყება, რაც GWP-სთან თანამშრომლობით მოხდება.

ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს, 17 ივლისს, განაცხადა და თქვა, რომ წლების განმავლობაში უყურადღებობამ ტბის დაშრობა გამოიწვია:

„იქიდან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა GWP-ის ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება.

ამასთან, ჩატარებული კვლევების საფუძველზე დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა GWP-სთან, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

ამ ეტაპზე შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც უნდა დაერთდეს წყალგამტარ გვირაბზე. ეს სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის დამთავრებული იქნება და დაიწყება შევსებითი სამუშაოები“, – თქვა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ტბის წყლით შევსება ალტერნატიული გზებით მოხდება, როგორიცაა ახლომდებარე ფერდობებიდან ჩამოდენილი ატმოსფერული ნალექი და შესაბამისი სისტემის მოწყობა ამ ნალექის ტბაში ჩასადინებლად.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გლდანის VIII მიკრო-რაიონის ტერიტორიაზე დაწყებულია რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტზე მუშაობა, რაც 10 000 კვ.მ.-ზე ითვალისწინებს პარკის გაკეთებას, გამწვანებით, საფეხმავლო ბილიკებით, საბავშვო და სპორტული მოედნებით და სხვა.

მერის თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, მეორე ეტაპი კი – 2025 წლის ივნისში. პროექტზე 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები