გაზის დეფიციტის შესავსებად, შესაძლოა, ”გაზპრომის” გაზის გამოყენება საჭირო აღარ გახდეს. ენრგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განმარტებით, სამომავლოდ შესაძლებელია იმ ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა, რომლითაც აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის გაზის მიღება ვერ ხერხდება.
როგორც კალაძემ ”სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამისათვის დამატებითი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს და არსებულ მილსადენებზე კომპრესორები დამონტაჟდეს, თუმცა, მისვე განმარტებით, ეს სამომავლო პერსპექტივაა და ”გარკვეული დრო დასჭირდება”.
”წლების განმავლობაში ასეა – ტექნიკურად შეუძლებელია აზერბაიჯანიდან მეტი გაზის მიღება და ამას ჩვენ ვავსებდით ”გაზპრომის” გაზით. ეს ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. თუმცა, რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. ალბათ, განსახორციელებლი იქნება დამატებითი ინვესტიციები და კომპრესორები გასაკეთებელი, რომ ჩვენ მივიღოთ ამ მილსადენებით დამატებითი მოცულობები” – განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნაა და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა გაგრძლდება.
”ჩვენ ვაპირებთ გაზსაცავის მშენებლობას და ამ პროექტში ინტერესები აქვს ”სოკარსაც”. ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება იმ პრობლემის თვალსაზრისითაც, რომელიც ჩვენ გვაქვს. თქვენ იცით რომ ის ორი მილსადენი, რომლითაც ჩვენ დღეს ვიღებთ ბუნებრივ აირს, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა, სამომავლოდ, ჩვენ ვგეგმავთ და არის ამის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას. ასევე მნიშვნელოვანია ისიც რომ 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტის დასრულება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დამატებით მივიღოთ ბუნებრივი აირი” – აღნიშნა კალაძემ.
“სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.