„თანხის ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაველოდოთ გამოძიებას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერი ჟურნალისტებთან 2022-2024 წლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი:
„ვერაფერს გეტყვით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თანხის ძალიან დიდ ოდენობაზეა საუბარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი. დაანებეთ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს, დაელოდეთ გამოძიებას და გამოძიება გასცემს ყველა კითხვაზე შესაბამის პასუხს. ეს ხომ ერთჯერადი შემოტანილი არაა? წლების განმავლობაში შემოდიოდა, როგორც წავიკითხე და მოვისმინეთ. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.