19 თებერვალს, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების მიერ გორში გამართულ დისკუსიას, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმიანება.
ჟურნალისტის კითხვაზე – „როგორ შეაფასებთ საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების გორში გამართულ დისკუსიას, რომელიც რადიკალური ხასიათის ბანერების ფონზე გაიმართა“ – კახა კალაძემ თქვა, რომ „ესენი არიან ზუსტად, [ისინი] ვინც ქვეყანაში ბოროტებას ახალისებს.
„ეს ადამიანები [ელჩები] ძალიან მძიმეა, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ეს არიან ზუსტად, [ისინი] ვინც ახალისებს ბოროტებას ქვეყანაში, საზოგადოების გახლეჩას, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი მთლიანად გადალაგდება, მსოფლიო იცვლება, იმიტომ, რომ რადიკალიზმის ადგილი დღეს არ არის, არც ქვეყანაში და არც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება.
გაიხსენეთ გერმანიის ელჩი, რა ტიპის განცხადებებს აკეთებდა, საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან. ის ვერ ხვდება და ვერ წარმოუდგენია, რა არის მისი ფუნქცია და ზოგადად, რა უნდა იყო ელჩის ფუნქცია. დღეს არ მოსწონთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აკეთებენ განცხადებებს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ამას უწოდებენ შიდა პოლიტიკაში ჩარევას. გერმანიის ელჩი კი გამოდიოდა წინასაარჩევნოდ და რა განცხადებებს აკეთებდა, ჩვეულებრივი მავნებელი. რა თქმა უნდა, ეს მალე დასრულდება და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის….
ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ამ დიპლომატების არსებობას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს არის „დიფთ სთეითის“ წარმომადგენლები საქართველოში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ უწოდებ თავიანთი განცხადებებიდან, ქმედებებიდან გამომდინარე.
თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში, ეს არის ზუსტად მათი დამსახურება და იმ მიდგომების, დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის რაღაცა შენიღბული, შეფუთული პერფორმანსები, ვითომ ეს იყო დემოკრატიის ნაწილი. რეალობაში, ზუსტად ეგ ადამიანები არიან ისინი ვინც ქვეყანაში აღვივებს დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას.
ხელისგულზე დევს უკვე ყველაფერი, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა, რევოლუციების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებების დამხობა, ეს ყველაფერი ინიღბებოდა დემოკრატიის სახელით. ეს ყველაფერი სამარცხვინოა, თუ რა შედეგებამდე მივედით. თუმცა ქართველი ხალხი გონიერი ხალხია და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან სწრაფად გაანალიზა და დაინახა რეალურად, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ამ უცხოელი ე.წ. დიპლომატების ჩართულობით, თუ რა ნაბიჯებს დგამდნენ, რას ემსახურებოდა მათი ქმედებები და შესაბამისად, ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, – თქვა კახა კალაძემ.