LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე “ფრონტერას” პასუხობს

426

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” ირანიდან გამოეხმაურა.

ენერგეტიკის მინისტრი გაკვირვებას გამოთქვამს კომპანიის წერილზე, რომელიც მისადმი იყო მიმართული.

”არაერთგზის დაჟინებით ცდილობთ მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე რესურსების არსებობის ალბათობა, მარაგების აღმოჩენის შემდგარ ფაქტად წარმოადგინოთ. კიდევ ერთხელ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს კომპანიას არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი აღმოჩენის შესახებ. მეტიც, თითოეული ბარელი  ნავთობი და თითოეული კუბური მეტრი გაზი, რომელსაც აწარმოებს თქვენი კომპანია, მოიპოვება იმ ფორმაციებიდან, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა თქვენი კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა თქვენს კომპანიას სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია” ,- მიმართავს კახა კალაძე „ფრონტერას.“

ამასთან, როგორც ენერგეტიკის მინისტრი აღნიშნავს, ”ფრონტერას” განცხადებების ფონზე განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს კომპანიის პერმანენტული მცდელობა თავი აარიდოს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას.

”საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული თითოეული ცენტის ინვესტიცია თანაბრად  მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ყველა კეთილსინდისიერ ინვესტორს”, – წერს კალაძე.

კომპანია “ფრონტერამ” ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისადმი ღია მიმართვა გუშინ გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ კახა კალაძემ 2016 წლის 5 თებერვალს სატელევიზიო ინტერვიუში ”ფრონტერას” მიერ გაზის მაგარების აღმოჩენასთან დაკავშირებულ საკითხზე ”არასწორი განცხადებები” გააკეთა.

”ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივ ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ,” – მიმართავს ”ფრონტერა” კახა კალაძეს.

კომპანიის განცხადებით, საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის განვითარებას დიდი მომავალი აქვს და ”ამ ფაქტის დაკნინება მხოლოდ ნეგატიური უკუშედეგის მომტანი შეიძლება იყოს”.

”ფრონტერა ამაყობს, რომ საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქეს წარმოადგენს და ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება ისარგებლოს თავისი ქვეყნის მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსების ათვისებით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სწრაფვას ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ, ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის ბუნებრივი გაზის სექტორის ზრდა გააძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას, მისცემს რა ქვეყანას საშუალებას გამოიყენოს საკუთარი მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსები არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც”, – ნათქვამია  ”ფრონტერას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერს ”ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) სტივ ს. ნიკანდროსი და ”ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნის” დირექტორთა საბჭოს წევრი, პრეზიდენტი (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) ზაზა მამულაიშვილი.

საქართველოში ხუთი ტრილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსის აღმოჩენის შესახებ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში კომპანია ”ფრონტერას” ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ორი კვირის წინ განაცხადა. სტივ ნიკანდროსის თქმით, სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება და შეძლებს ბუნებრივი აირით თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა მოამარაგოს. რაზეც მაშინ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიცის განხორციელებაა საჭიროა, „ფრონტერას” მიერ წარმოდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში კი ამ სამუშაოების განხორციელებაზე არაფერია ნათქვამი.

რატომ არ წარმოადგინა ”ფრონტერამ” აღმოჩენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და რა გავლენას ახდენს მსგავსი ტიპის განცხადებები საფონდო ბირჟის ფასებზე, – საკითხის კომენტირებისას ეკონომისტმა ვაჟა კაპანაძემ ”ფორტუნასთან” საუბარში განაცხადა, რომ რიგი კომპანიები ხშირ შემთხვევაში ჭორებს გამიზნულად ავრცელებენ, რათა ბირჟაზე საკუთარი აქციების კვოტირება გაზარდონ.

”თუ ეს არის ტყუილი, გამიზნული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისი პარტიების კვოტირება გაიზარდოს საფონდო ბირჟებზე, ან შეიძლება აქციების გამოშვებას აპირებს. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უამრავი ტყუილი ყოფილა ხოლმე, რომ ბირჟებზე ფასების კვოტირებაზე გავლენა მოეხდინათ” – განუცხადა ”ფორტუნას” ვაჟა კაპანაძემ.

ფინანსისტმა არჩილ კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოში გაზის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ფრონტერას“ აქციების ფასმა 6%-ით მოიმატა.

„5 წლის განმავლობაში კომპანიას არც-ერთი ფუნტი მოგება არ უნახავს და შესაბამისად, არც დივიდენდები არ გაუცია. ლოგიკურია ჩნდება კითხვა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეს ყალბი ინფორმაცია, რაზეც პასუხი მარტივია: კომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს სურვილი აქვთ რომ “ჰაიპის” საფუძველზე ხელოვნურად შექმნან მათ აქციებზე მოთხოვნა და საკუთარი დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით სააქციო პაკეტები გაბერილი ფასით მიჰყიდონ არიფ ინვესტორებს“- აცხადებს ფინანსისტი.

კომპანია Frontera Resources Georgia Corporation-ი საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. იგი კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს, რისთვისაც მან საქართველოში ოპერატორი კომპანია შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” დააფუძნა.

კომპანიას საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან წილობრივი განაწილების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. სახლემწიფოსა და კომპანიას შორის წილების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია კომპანიის მოთხოვნით, კონფიდენციალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები