„თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება და ამიერიდან პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მედიკამენტები და კვლევები 100%-ით დაუფინანსდება“, – ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს სრულად, 100%-ით უფინანსებდა.
თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში ერთი მოქალაქის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული.
„თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველად ორი სახეობის ძვირად ღირებული მედიკამენტი ფინანსდებოდა. 2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა. პროგრამის მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, გელა ჩივიაშვილს“, – აღნიშნა კახა კალაძემ