„ის სქემა უკვე გაშიფრულია, რომლის მიხედვითაც, „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა – ახლა უკვე უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა, თუმცა ყველაფერს მიეხედება, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძე „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „საპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებენ“
„ის სქემა უკვე გაშიფრულია, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების, „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის მცდელობას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა. ეს სქემა მთლიანად გაშიფრულია. ახლა უკვე უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა, თუმცა ყველაფერს მიეხედება. ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი. [ბაჩიაშვილის მხრიდან აქციების დაფინანსება] სიახლე არ არის. თვითონაც არ უარყოფდა. თავიდან ბოლომდე იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ამით ცდილობდა, რომ თავისი დანაშაული როგორმე გადაეფარა“,- განაცხადა კალაძემ.
კალაძე გამოეხმაურა, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას:
„არაფერი არ მოხდება, 4 ოქტომბერს ერთადერთი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ვიზეიმებთ, რაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება“ – განაცხადა კალაძემ.