თბილისის მთავარი ნაძვის ხე ანთო. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო. კალაძემ ჟურნალისტებთანაც გაისაუბრა და საზოგადოებას მოუწოდა, ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში, რომლებიც 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
მისი თქმით, დღეიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრება მოქალაქეებს ორ ლოკაციაზე, პირველი რესპუბლიკის და ორბელიანის მოედანზე შეეძლებათ.
“ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიების მომზადებაში. მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს. მადლობა მათაც, ვისაც გულით უნდოდა აქ მოსვლა და ვერ მოახერხა. დღეიდან, 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, გელოდებათ სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები. პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, ორი ლოკაცია იქნება ქალაქში, სადაც საახალწლო დღეებში, 25 დეკემბრიდან 13 იანვრამდე, იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სადაც თქვენი შვილებით და შვილიშვილებით შეგეძლებათ, მობრძანდეთ და გაერთოთ”, – განაცხადა კალაძემ.
კახი კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ მომავალ წელს ნაძვის ხეს, ნორვეგიიდან ჩამოიტანენ.
“ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.