„რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, გიორგი შერმადინის გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს დარბაზში, მაყურებლის შეძახილებს გამოეხმაურა.
კახა კალაძის სიტყვებით, „ცუდი რა არის იმაში, როდესაც სპორტსმენი გამოხატავს მადლიერებას სახელმწიფოს მიმართ“.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს. ცუდი რა არის იმაში, როდესაც სპორტსმენი გამოხატავს მადლიერებას სახელმწიფოს მიმართ.
ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ სპორტის მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შედეგები რაც მივიღეთ კალათბურთში, ფეხბურთში, ძიუდოში ან სპორტის სხვა სახეობებში, ეს შემთხვევით მოვიდა? ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის შედეგი, რომ სპორტსმენებმა იშრომეს თავდაუზოგავად, მათთვის შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პირობები. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის. მაგალითად, ფეხბურთელი რომელიც საზღვარგარეთ რომელიმე კლუბში თამაშობს და თავის ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდის, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე – როგორ აჩვენოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები.
გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს. საბედნიეროდ, მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობაში. ხოლო ქვეყნის უმრავლესობა რეალურად ხედავს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოში მარცხდება და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოშიც“, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა 27 ნოემბერს სანაკრებო კარიერაში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მან მადლობა გადაუხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვიქტორ სანიკიძეს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. გიორგი შერმადინის სამადლობელ სიტყვას ტრიბუნებიდან საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.
