საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკის განვითარების საწინადარია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წელს აჭარაში, შუახევჰესის მშენებლობა დასრულდება. ბოლო 35 წლის განმავლობაში ასეთი სიდიდის და სიმძლავრის მხოლოდ ორი ელექტროსადგური აშენდა და ამოქმედდა. ხშირად ვამბობთ, რომ დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ასეთი პროექტების განხორციელება ენერგეტიკაში, რომელიც საქართველოში თაობების მანძილზე იქნება მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის განვითარებისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავლის საქართველოში კეთილდღეობის ინვესტირებაა.
„ჩვენ ენერგეტიკული პროექტების ხანგრძლივი ისტორია და ევროპული ტრადიციები გვაქვს. დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ჰესებით დაინტერესებამ სერიოზული ბიძგი მისცა ჰიდრომშენებლობას, ენერგეტიკის განვითარებას და პრიორიტეტულობას. შუახევჰესის პროექტი არის უზარმაზარი ნაბიჯი ჩვენი ენერგეტიკის საქმეში. ჩვენი მიზანია, მოხდეს ენერგორესურსების რაციონალური ათვისება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.