პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.
კახა კალაძის განცხადებით, „სურსათის ფასების დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება“.
„ფასების რეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა ამის დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, აისახება ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და თანადგომა სჭირდება. ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება.
არის ბევრი ქვეყანა, სადაც გაკეთებულია სპეციალური კალათა ისეთი პროდუქტების, როგორიცაა, პირობითად, ფქვილი, ზეთი და მათი ფასი მითითებულზე ზევით არის უნდა იყოს. მოდი, დაველოდოთ მოკვლევას, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული. იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება“, – თქვა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. მისი თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.
