თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებები, რომლის თანახმადაც, სატვირთო, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოს საზღვარი გაიარა, „სრული სისულელეა“.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოსთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს.
„ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან.
არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით… საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი – უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.