კახაბერ ცისკარიძემ მცირე ხნის წინ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუსულ „კომედი ვომენში“ მიიწვიეს. იუმორისტულ შოუში, რომელსაც ქალები აკეთებენ და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლახან ეპიზოდი კახაბერისა და ხანუმების მონაწილეობით „ტე-ენ-ტე“-ს ეთერშიც გამოჩნდა და ინტერნეტშიც გავრცელდა.
კახაბერი შოუს პირველივე წუთებში გამოჩნდა სცენაზე, როდესაც ის წამყვანმა მიიხმო და ასე წარადგინა, კახა ერთადერთი ქართველია მსოფლიოში, რომელსაც მე გადავურეკავ ხოლმეო. მათ შორის მცირე დიალოგი შედგა. წამყვანმა აღნიშნა, რომ ყოველთვის უხარიათ, როცა ქართველები სტუმრობენ, ისინი ხომ სიმღერის გარეშე არასდროს მიდიან.
ამის შემდეგ კახამ დრამებთან გადაინაცვლა და „აჭარულის“ შესრულება დაიწყო, სცენაზე გამოვიდნენ მოცეკვავე მამაკაცები, რომლებიც თანამედროვე ცეკვისა და ქართულის ილეთების ნაზავს ასრულებდნენ, შემდეგ კი მათ გამოჰყვნენ ხანუმებიც, რომლებმაც აჭარული შეასრულეს.
ნომერმა დიდი მოწონება დაიმსახურა.