რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს კახაბერი სტუმრობდა, რომელმაც 26 აპრილს და 3 მაისს რუსთავსა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტების შესახებ ისაუბრა.
26 აპრილს რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართება კახაბერისა და „ხანუმების“ კონცერტი, 3 მაისს კი, მშობლიურ ქალაქში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი კონცერტით აღვნიშნავთ ბათუმობას. პირველად ჩავდივართ რუსთავში და ძალიან მიხარია, რომ ახლა რუსთაველებსაც გავუზიარებთ ჩვენს მუსიკას, მით უფრო, რომ მსგავსი მასშტაბის კონცერტი მანამდე არასდროს მოწყობილა რუსთავში.
ხუთი ალბომი უკვე გამოვუშვით, თუმცა აქტიურად ვაგრძელებთ ფოლკლორული მუსიკის ჩაწერას, რომელიც ჩვენი მთავარი მიმართულება, შეიძლება ითქვას, მისიაა. საინტერესო ინტერნაციონალური ალბომი ჩავწერეთ, კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს, თუმცა გაჟღერებისგან ჯერ თავს შევიკავებ. ყველა კარგად იცნობს „ნარდანინას“ ორ ვარიანტს, მალე მესამე ვარიანტსაც გამოვუშვებთ. „ნარდანინა“ უძველესი სიმღერაა, რომელიც არქივიდან ამოვიღეთ და ძალიან საინტერესო ფორმატი მოვიფიქრეთ, მხოლოდ ვოკალები ჩავწერეთ, მერე კი, მუსიკოსებს დავურიგეთ, რომელთაც თვითონ აირჩიეს მიმდინარეობა და შექმნეს საკუთარი ვერსიები.
10 წელზე მეტი გავიდა ჩვენი პირველი ალბომის „ანიდან ჰაემდე“ გამოსვლიდან, სწორედ ამ ალბომში შესული სიმღერები შესრულდება კონცერტებზე, რომელთა მოწყობას ზაფხულში ვგეგმავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მით უფრო, რომ, 2013 წელს, როცა ალბომზე დავიწყეთ მუშაობა, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ყველა რეგიონის ფოლკლორული ნიმუშის თავმოყრა იყო.
ძალიან მიხარია, რომ მუსიკალურმა პროექტმა „კახაბერი და ხანუმები“, რომელიც 2010 წელს შეიქმნა, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. სიმართლე ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს, კონკრეტულად რა სეგმენტი გვისმენს, რადგან ჩვენს პროექტს ნებისმიერი ასაკის და გემოვნების მსმენელი იცნობს უცხოელების ჩათვლით. პირადად მე, 30 წელია მუსიკით ვარ გატაცებული და უამრავი ეტაპი გავიარე ამ პერიოდში, რაც არც პუბლიკისთვის დარჩა შეუმჩნეველი.
სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან შეიცვალა საორგანიზაციო კომპანიების დამოკიდებულება არტისტების მიმართ. ამგვარ კომპანიებს მხოლოდ კონცერტების მოწყობა უნდათ და არასდროს ინტერესდებიან იმ დეტალებით, რომლებიც ნებისმიერი არტისტისთვის მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოსვლის წინ ვღელავ, ამიტომ ვცდილობ, რამდენიმე წუთი მარტო დავრჩე საკუთარ თავთან და გონებაში გავიარო მთელი კონცერტი. გარდა ამისა, „ხანუმებთან“ ერთად ვიმეორებ ანბანს, გოგოები კი, აუცილებლად კითხულობენ ლოცვას.
დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენს კოსტიუმებს, რომელიც ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ჩვენი სამოსი ძალიან თანამედროვეა, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებს ავთენტურობას.
საბედნიეროდ, სანანებელი არაფერი მაქვს, რადგან ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც მიზნად ვისახავ. მართალია, ზოგი რამ ჭიანურდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვაღწევ ჩემს მიზანს. ჩემი საქმე მუსიკაა და ბედნიერი ვარ, რომ ბევრს მოსწონს ის მუსიკა, რომელსაც ვაკეთებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პუბლიკას და ჩვენს ერთგულ თაყვანისმცემელს, რომელიც ყოველთვის ესწრება ჩვენს კონცერტებს. სწორედ მსმენელია ჩვენი სტიმული, რომელიც მუდმივად მუშაობისა და ახლის შექმნისკენ გვიბიძგებს.
ჩვენი მუსიკა ყოველთვის ჩვენი ემოციებისა და გრძნობების ანარეკლია, ამიტომ ყოველთვის ძალიან გულწრფელი და ნამდვილია. უფლის მადლიერი ვარ, რომ საკუთარი ემოციების მუსიკით გამოხატვისა და პუბლიკისთვის გადაცემის ნიჭი მომცა.
ბოლო დროს რეჟისურამ გამიტაცა, რამდენიმე კლიპი გადავიღე, რომლებიც ყველას ძალიან მოეწონა. განსაკუთრებული მოწონება დები იშხნელების სიმღერის „არც ჰოს ამბობს, არც არას“ ვიდეომ დაიმსახურა, რომელიც ჩემი იდეით შეიქმნა. კლიპი ციფრულ მუზეუმში გადავიღეთ, სიმღერა კი, ჩვენი ურბან-ფოლკის რემიქსების ალბომში შევიდა.
საერთოდ არ ვიცი, რას ნიშნავს თავისუფალი დრო, ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, რადგან ძალიან არ მიყვარს არაპროდუქტიულობა. დასვენებისა და გართობის დროსაც ახლის მოფიქრებას ვცდილობ, რადგან გაჩერებას მუდმივად მოძრაობა მირჩევნია.
ძალიან მიყვარს სიმღერა „წვიმს“, რომელიც მე და ნეკა სებისკვერაძემ დავწერეთ 1998 წელს ბათუმში, საშინელი წვიმის ფონზე. სიმღერა 20 წუთში დავწერეთ, ფანტასტიკური ნამუშევარი გამოვიდა და ერთ-ერთ პირველ ჰიტად იქცა. ამავე წელს გამოვიდა „განდაგანაც“, რომელიც პირველ გათანამედროვებულ ფოლკლორად იქცა და ერთგვარი გადატრიალება მოახდინა, რადგან მანამდე წარმოუდგენელი იყო ელექტრონული მუსიკის და ფოლკლორის გაერთიანება. მართალია, დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ 1990-იანი წლების ბოლოს სწორედ მე შევთავაზე პუბლიკას პირველმა ახალი მიმდინარეობა, მაგრამ მაშინ ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, ამიტომ წლების განმავლობაში ვცდილობდი მის დახვეწას და მხოლოდ მაშინ დავკმაყოფილდი, როცა „ხანუმების“ პროექტი შევქმენი, რადგან ჩავთვალე, რომ ჩანაფიქრი ბოლომდე განვახორციელე.