თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის გზის პროექტირება დასრულდა. ესაა 85 კმ-იანი მონაკვეთი, 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის, ისე კახეთის რეგიონის გავითარებისთვის, – ამის შესახებ, დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
„ამ გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სამ ლოტად დაიყოფა. ანალიზის შედეგად, როგორც საინჟინრო-ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ პირველ ლოტზე, ქართულ კომპანიებს მიეცეთ ტენდერში პირდაპირ მონაწილეობის შესაძლებლობა. ესაა 4 კმ-მდე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების შეძენის კუთხით და შემდგომში, კიდევ უფრო დიდ ტენდერებში მონაწილეობისათვის. 74 მილიონი ლარი საორიენტაციო ბიუჯეტია მხოლოდ ამ ლოტისთვის და ასეთი ზომის ტენდერი ჩვენ სახელმწიფო შესყიდვით ჯერ არ გამოგვიცხადებია,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, დანარჩენი ორი ლოტის ღირებულება 576 მილიონი ლარია. ამ შემთხვევაში, ტენდერები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების დაცვით ჩატარდება და აქაც ქართულ კომპანიებს ერთობლივი საწარმოების შექმნით კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ.
„ბაკურციხიდან ჩუმლაყის მიმართულებით, ე.წ. გურჯაანის შემოვლითი გზა მალე დასრულდება და ექსპულატაციაში შევა, რის შედეგედაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის 6 სოფელში, ხოლო გადაადგილების დრო განახევრდება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია ბაკურციხე-წნორის მიმართულებით, სადაც ახალი გზის მშენებლობას ვგეგმავთ, რადგან არსებული ვერ აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. ყველა ეს სამუშაო ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივებისთვის და რეგიონის განვითარებისთვის პოზიტიურ როლს შეასრულებს,“ – განაცხადა ქარსელაძემ.