ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებას ,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის“ 358,500,000 ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
აღნიშნული პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი პირველად იყენებს დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის“ ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია და მონიტორინგი, მთლიანად დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებსა და სისტემებს. პროგრამა მოიცავს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში. განათლების სისტემის კუთხით, პროგრამის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებასთან ხელმისაწვდომობის ამაღლება.
პროექტის განხორციელების კოორდინირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები განახორციელებენ.
ხელი მოეწერა ასევე შეთანხმებას კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტისთვის 97.7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.
პროექტი ითვალისწინებს კახეთის რეგიონში საგზაო სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის გასწვრივ. პროექტის ფარგლებში აშენდება 17 კმ სიგრძის ოთხი საავტომობილო ზოლის მქონე გზის მონაკვეთი საგარეჯოდან ბადიაურამდე (ლოტი 3) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დერეფნის ფარგლებში, მათ შორის, გზების საავტომობილო კვანძი, ხიდების (ავტომაგისტრალის და მიწისზედა ხიდების), მიწისქვეშა გადასასვლელებისა და გზის კიდის მშენებლობის ჩათვლით.
პროექტი დააჩქარებს კახეთის რეგიონის განვითარებას, ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის პოტენციალის გაზრდას. მისი განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობა დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე. პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.