LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში 16 დეკემბრის ინციდენტზე 4 პირია დაკავებული

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს,  რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან – დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში დანარჩენი ორი პირის დაკავებს ფაქტსაც განმარტავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს… საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს,“ – იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაკავებების შესახებ გადაცემაში  “პირისპირ” ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ცნობილია, რომ 17 დეკემბერს, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, იმ დროს, როდესაც თელავში ინაუგურაციისთვის ემზადებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ დააანონსა, რომ კახეთის მუნიციპალიტეტებისკენ გზა ყვარლის მიმართულებით იქნებოდა გახსნილი, ვინაიდან გომბორის გზით მხოლოდ ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს უნდა ესარგებლათ. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა და ლიდერებმა არ მიიღეს შეთავაზებული ალტერნატივა და თვითნებურად შეეცადნენ პოლიციის კორდონის გარღვევას. ინციდენტისას დაშავდა ათამდე პოლიციელი, დაზიანდა ტექნიკა და ავტოტრანსპორტი.

პოპულალურები