საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 6 მლნ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2 მლნ დოლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.
„აგარანის მამული“ ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციის მიმდებარედ აშენდა. სასტუმრო, 56 ნომრის გარდა, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ლაუნჯებს, ვერანდას, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს.
„სასტუმრო განთავსებულია ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მ-ზე. ტყიდან მონაბერი სიო ზაფხულში განსაკუთრებულ გრილ კლიმატს განაპირობებს. 1.5 ჰა-ზე განთავსებულია სასტუმრო და ვენახი, ხოლო დანარჩენ 6.5 ჰა-ზე სამომავლოდ ვილები აშენდება, რომელთაც Room Service მომსახურება ექნებათ. გვჯერა, რომ სასტუმრო თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, კავკასიონის თვალწარმტაცი ხედებითა და მწვანეში ჩაფლული ზონებით ბევრ საერთაშორისო, თუ ადგილობრივ სტუმარს უმასპინძლებს“, – განაცხადა „აგარანის მამულის“ დირექტორმა გიორგი ქოჩლაძემ
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ კახეთის რეგიონს კიდევ ერთი უნიკალური სასტუმრო შეემატა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, – განაცხადა ლალი ყელაურაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
(R)