თბილისის მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს მომღერალი ბაბი კირკიტაძე ესტუმრა და მასთან ბლიცინტერვიუ ჩაწერა, სადაც გაარკვია, ასწრებს თუ არა თბილსს გაღვიძებას, როგორია მისი გემოვნება კულინარიაში და ასევე სპორტში. თბილისის მერმა გაიხსენა სასიამოვნო მოგონებები ბავშვობიდან და აღნიშნა, რომ როდესაც მეზობლებთან ერთად ბურთს აგორებდა, სულ ოცნებობდა ფეხბურთელობაზე.
კახი კალაძე:
„შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ კახი წარმატებული ფეხბურთელი იყო,მაგრამ ამის უკან დგას უზარმაზარი შრომა და სირთულეები, რომელთა გადალახვამაც მომიწია. წარმატება შეუძლებელია სირთულეების გადალახვის გარეშე, უნდა შეგეძლოს წაქცეულზე წამოდგომა, რაც უფრო დიდ ძალას გაძლევს. განსაკუთრებული როლი ჰქონდათ ჩემს მშობლებს და მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ ამაგს ვერასდროს გადავიხდი და მინდა, ეს ყველაფერი ჩემს შვილებს დავუბრუნო. თავად საკმაოდ მკაცრი მშობელი ვარ, თუმცა პატარას ცოტათი ვანებივრებ. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ შვილებთან ყოველთვის ვსაუბრობ საინტერესო თემებზე, მინდა, წარმატებული ადამიანები იყვნენ, განათლებით გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას. როგორი მეუღლე ვარ? ეს ალბათ ანუკას უნდა ჰკითხოთ, საკუთარ თავზე გამიჭირდება საუბარი. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე რაც მაკლია, ეს შვილებთან ურთიერთობაა. ძირითადად, სულ ანუკაა ბავშვებთან. როცა თავისუფალი დღეები მაქვს, ძირითადად, შაბათ-კვირას მათთან ერთად ვატარებ“.