LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახიანი: პროკურატურის მხრიდან კონკრეტული ფაქტები გასაჯაროვდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ე.წ. „ქოლ ცენტრების” უკან კეზერაშვილი დგას

38
Untitled design

„პროკურატურის მხრიდან გასაჯაროვდა კონკრეტული ფაქტები, რაზეც დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ „ქოლ ცენტრების“ უკან კეზერაშვილი დგას“, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეს.

„ქოლცენტრების“ საქმე – პროკურატურის ცნობით, 4 ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა

კახიანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის შესწორებებით მიღებულ ანგარიშსაც აფასებს და ამბობს, რომ „რეზოლუციაში ყველაფერი თავდაყირაა, რადგან  ივანიშვილი გამოყვანილია ოლიგარქად და კეზერაშვილი პოლიტპატიმრად“.

„სამწუხაროა და უნდა ვთქვა, რომ რეზოლუციაში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული, კეზერაშვილი გამოყვანილია პოლიტპატიმრად და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მაშინ, როცა, კეზერაშვილის მიმართ კონკრეტული განაჩენებია დამდგარი და ახლა კონკრეტული ფაქტები გასაჯაროვდა პროკურატურის მხრიდან, რაზეც, დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ამის უკან კეზერაშვილი დგას.

ბევრი კითხვაა, თუ რა თანხებით ფინანსდებიან ოპოზიციური ჯგუფები თუ ხელისუფლების საწინააღმდეგო ღონისძიებები, როგორც ჩანს ამ ფულით ხდებოდა ამის დაფინანსება.

დაველოდოთ, გამოძიება რა შედეგებს დადებს და შემდეგ უკვე ბევრ რამეს ვილაპარაკებთ.

ერთ მხარეს ასეთი პიროვნებაა და მეორე მხარეს ადამიანი, რომელსაც თავის ქველმოქმედებით უდიდესი ღვაწლი აქვს გაწეული ქვეყნის წინაშე და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, ეს ყველაფერი თავდაყირა აყენებს რეზოლუციას და რბილად რომ ვთქვათ, უამრავ კითხვას აჩენს, როგორ შეიძლება ასეთი არასწორი შეფასებები და დებულებები გაჩნდეს.

ბიძინა ივანიშვილი მოცილებულია პოლიტიკიდან და დიდი ხნის წინ გააკეთა ამაზე განცხადება. არანაირი ფაქტი არ არსებობს, რომ კავშირი ჰქონდეს პოლიტიკასთან ან მედიასთან, უბრალოდ, არის ასეთი განცდები შექმნილი და არ მესმის, რა უნდა მოხდეს, რომ ეს განცდები გაქრეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეს ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც:

„ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები უადგილოა, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულების საკმაოდ დიდი მასშტაბია. სამართალდამცავი და სპეციალური სტრუქტურები მსოფლიოს დონეზეა ჩართული. ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად, ქართველებმაც იმუშავეს და საკმაოდ მძლავრი ქსელი გამოაჩინეს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოშია აღმოჩენილი.

არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ცნობილი პირები, შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემასთან. რასაკვირველია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ უამრავი დაზარალებულია.

ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც კეზერაშვილთან და მის ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, ადრეც და დღესაც, წინმსწრებ განცხადებებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თემა შეიძლება, როგორღაც „ქართულ ოცნებას“  უკავშირდებოდეს, მაგრამ დღეისთვის საპირისპირო სურათი გვაქვს“, – თქვა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, „ევროჯასტის“ მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

პროკურატურის ცნობითვე, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g