LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ცდილობს გადაფაროს ის შინაარსი და საფუძველი, რაც აქციას ჰქონდა – “სოლიდარობის ქსელი”

111
მსვლელობა ჭავჭავაძეზე

თბილისის მერის განცხადება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ის და მასთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებენ მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე,- ამ განცხადებით დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “სოლიდარობის ქსელი” გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას პასუხობს.

სოლიდარობის ქსელი განმარტავს, რომ აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები და პროტესტის პოპულისტური მიზენების განხორციელებისთვის გამოყენებას, ისინი არ დაუშვებენ.

“გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერის, კახი კალაძის  განცხადებას, სადაც ის, აქციის ორგანიზატორებს მოგვიხსენიებს ახალგაზრდების ჯგუფად და ამით ცდილობს გადაფაროს ის შინაარსი და საფუძველი, რომელიც რეალურად ჰქონდა აქციას.

გვსურს ცალსახად განვმარტოთ:

აღნიშნული აქცია ორგანიზებული იყო დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის ქსელი“ მიერ. შესაბამისად განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში არსებულ მომაკვდინებელ სამუშაო პირობებს პირველ რიგში სწორედ დასაქმებულები აპროტესტებდნენ. ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან საფრთხის ქვეშ სამუშაო ადგილებზე და რომლებიც მინიმალური ანაზღაურების ნაცვლად ფაქტობრივად სწირავენ სიცოცხლეს.

ჩვენ უკვე მრავალი წელია ვაპროტესტებთ, როგორც დღევანდელი ისე წინამორბედი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ შრომის პოლიტიკას, კანონმდებლობას და მის აღუსრულებლობას. დასაქმებულების მიერ შექმნილი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოლიდარობის ქსელი“ აქტიურად მუშაობს საქართველოში მშრომელთა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად.

აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები. მართალია ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება, თუმცა ჩვენ, სოლიდარობის ქსელმა, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებთ.

თბილისის მერის განცხადება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ იგი და მასთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებენ მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე,”- აღნიშნულია “სოლიდარობის ქსელის” განაცხადებაში.

გუშინდელ აქციას, რომელიც 2 მუშის გარდაცვალების ფაქტს მოჰყვა, კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა.” კალაძის თქმით, “იქ ისეთი რამოდენიმე სახე დაინახა, რომ ცხადი გახდა ყველაფერი.”

31 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე აქცია გაიმართა, სადაც 6 ადამიანი დააკავეს, მათ შორის თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამ დროისთვის 6-ვე გათავსუფლებულია.

მუშების გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

mazda magti 5g