„საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნულით გამოეხმაურა ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებებს, რომ თუ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შანსს დაკარგავს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმრები არ ჰყოლია, ხოლო მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტული დამნაშავე, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რაც ძალიან ცუდია.
„რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი იყო მთავარი იდეოლოგი, მთავარი შემოქმედი და შემქმნელი იმ საშინელი რეჟიმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა – ადამიანების კვლა, დახოცვა, ბიზნესის რეკეტი და როგორ ექცეოდნენ ადამიანებს საპატიმროში, ეს ძალიან კარგად იცით. მას აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რისთვისაც იხდის სასჯელს.
შესაბამისად, ტოლობის ნიშნის დაყენება ევროკავშირში გაწევრიანებასთან კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმ გზას, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი იმ დიდი ოჯახის, რასაც ჰქვია ევროპა და ევროკავშირი. ევროინტეგრაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, რეფორმები გასაკეთებელია და ამას გავაკეთებთ, მაგრამ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ვისმენთ არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულობასთან და არც დემოკრატიულ ღირებულებებთან.
საბედნიეროდ, საქართველოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმრები არ ჰყავს – ჰყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებზე იხდიან სასჯელს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, აბსოლუტურად ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელია „იმ ვითომ საქართველოს მხარდამჭერი ევროპარლამენტარების“ განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ.
„თუ ევროპარლამენტარებს, იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მოგვევლინებიან ვითომ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარდამჭერებად და ვითომ საქართველოს გულწრფელი მეგობრები არიან, [რეალურად ვიცით რისი და ვისი მეგობრები არიან ეს ადამიანები] არ ვიცი როგორ უნდა უსურვო ეგეთი რაღაც ადამიანს – საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე.
„ცხადია, ოპოზიციის ნაწილი ღიად ებრძვის ეკლესიას, პატრიარქს, ყველაფერს რაც ძვირფასია“ – კახა კალაძე
აბსოლუტურად ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ. ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში?!
რა დამოკიდებულება იყო პატიმრების მიმართ, ბიზნესსექტორის მიმართ, ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, ტელევიზიების მიმართ, სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის მიმართ. ხომ ვიცით ეს ყველაფერი?! არ ვიცით, რა ვითარება იყო ქვეყანაში და დღეს რა მდგომარეობაა?!“– განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე ევროპარლამენტარი, მათ შორის, იაცეკ სარიუშ ვოლსკი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების გარეშე საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს კარგავს.