შობის დღესასწაული გვაძლევს ძალას უფრო მეტი სიყვარულით, სიკეთით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე სიონის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძემ შობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა საქართველოს მოქალაქეებსა და მსოფლიოს.
„გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს, სიყვარულის, სიკეთის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს. უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად, იმედად. ეს დღე გვაძლევს ძალას უფრო მეტი სიყვარულით, სიკეთით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა.
მშვიდობა ვუსურვო მთელ მსოფლიოს, კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოჰკლებოდეს არც ერთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს. გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ყველას“, – განაცხადა კალაძემ.