„შანტაჟს და მუქარას აზრი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
შეკითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ „ქართული ოცნება“ დახმარებას სთხოვს ისრაელს, რათა ბიძინა ივანიშვილი არ დაასანქცირონ, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ „ეს აბსურდია“.
„ეს არის მორგი სისულელე და აბსურდი. ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია. ამასთან დაკავშირებით თავადაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მან საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ევროპას მიანდო, შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან ბანკს, ბანკმა ეს ადამიანი გაძარცვა. შემდეგ მან ყველა ინსტანციაში მოიგო სასამართლო პროცესი. ამის მიუხედავად, მისი თანხები გაჩერებულია.
ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური შანტაჟი, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესები დათმოს და სანაცვლოდ, თანხები გამოთავისუფლდეს. თუმცა, ეს ვერ მოხდება, შეუძლებელია.
გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია. შესაბამისად, ამით შანტაჟს და მუქარას აზრი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს“, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, „ამერიკის ხმა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.