LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: გვაქვს ინიციატივა ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალი მოეწყოს

103
Untitled design (8)

“თბილისის მერიას აქვს წინადადება, ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალი მოეწყოს”, – აღნიშნული იდეის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილია და მსგავსი მონუმენტის მოწყობა, მნიშვნელოვანია ქვეყნის გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად:

„ვაკის პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. თუმცა ქალაქისთვის მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შენარჩუნებულია პარკის ძირითადი კონცეფცია. ათწლეულების განმავლობაში ეს ტერიტორია ადამიანებისთვის არამხოლოდ დასვენებისა და განტვირთვის ფუნქციას ასრულებდა, არამედ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებთან დაკავშირებული ერთიანობის მემატიანეა.

ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს საქართველოს გმირების მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდასაყოფად. ამავდროულად ისტორიულ ექსკურსს მოიაზრებს და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებულ ცნობებს მიაწვდის ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს.” – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან, გაიმართება შეხვედრები, მსჯელობა და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი მონუმენტი გაკეთდეს:

“გამოცხადდება კონკურსი და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება შესაბამისი წინადადების წარმოდგენა. ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოება, დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება მათი მოსაზრებების მოსმენა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. ჩვენს გმირებთან დაკავშირებით, მომავალმა თაობებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ. საოცარი ისტორიებია მათი ბრძოლისუნარიანობის და თავგანწირვის.” – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მონუმენტის მოწყობა შესაძლებელი იქნება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, რაც ცენტრალური შადრევანის და კასკადის რეაბილიტაციას გულისხმობს.

ვიდეოჩართვისას მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს გმირების მონუმენტის მოწყობის პროცესში აუცილებელი იქნება იმ მაგალითების გამოყენება, რომელიც მსოფლიოში არსებობს:

“გვაქვს მსოფლიოში ამის ბევრი კარგი მაგალითი, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე, ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ის, რომ ეს არ იქნება გარკვეულ დროსთან დაკავშირებული. ჩვენი ისტორია სავსეა მსგავსი მოვლენებით და პიროვნებებით. იმისთვის, რომ საუკეთესო მონუმენტი მივიღოთ, საზოგადოების ჩართულობაა აუცილებელი. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მონუმენტი და უნდა ატარებდეს ისტორიულ ხასიათს”, – განაცხადა ბასილაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g