LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე მსოფლიო სატრანსპორტო გამოცდილების წინააღმდეგ – თბილისის მერს შაბათ-კვირას მანქანების აკრძალვის იდეა გაუჩნდა

421
82851593-3253003438049567-9179438116304322560-o

კახა კალაძე იმ ქალაქის მერია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმართავი და მოუწესრიგებელია, იმ ქალაქის მერია, სადაც ყვითელ ავტობუსებს ახლებით “პორცია-პორცია” ანაცვლებს და იმის ნაცვლად, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი თანხა დახარჯოს, ღარიბი ქალაქის მერი მილიონებს საახალწლო განათებებში იხდის. კალაძე იმ ქალაქის მერია, რომლის მეტროპოლიტენი, სპეციალისტების თქმით, ამორტიზებულია და თითქმის ყოველ კვირას შეფერხებაა. აი, ასეთი ქალაქის მერი გამოდის ინიციატივით, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ხომ არ აჯობებს, კერძო ავტომობილებით გადაადგილება შაბათ-კვირას აიკრძალოსო.

იმისთვის, რომ ინიციატივის აბსურდულობა კარგად გავიაზროთ, განვმარტოთ, რა არის შაბათ-კვირა. ეს არის კვირის ორი დღე, როცა საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში დასაქმებულების უმეტესობა ისვენებს. შემდეგი ეტაპია – რას ნიშნავს დასვენება? ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანები ცდილობენ განტვირთავს და ძირითადად, გადიან ქალაქგარეთ, აგარაკზე, ან პიკნიკს აწყობენ და ა. შ. ასევე ჩვენ, ვინც სამუშაო კვირის განმავლობაში ვმუშაობთ, სწორედ შაბათ-კვირას ვიმარაგებთ მთელი კვირის პროდუქტებს, დავდივართ ბაზარში, ვყიდულობთ ერთი კვირის სამყოფ პროდუქტებს და შინ დატვირთულები ვბრუნდებით. აღარაფერს ვამბობთ შაბათ-კვირას დაგეგმილ ქორწილებსა და მიცვალებულის დაკრძალვაზე. ან თუნდაც იმაზე, შაბათ-კვირას რამდენი ადამიანი მუშაობს – რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში, პლუს თვითდასაქმებულები და ა.შ. გასაგებია, რომ დედაქალაქის მერი თავად ალბათ, არც ბაზარში დადის, არც ჩვენსავით აქვს გაწერილი – როდის პროდუქტი იყიდოს და როდის იმუშაოს, მაგრამ არაუშავს. მთავარია, რჩევა ჰკითხოს მათ, ვინც ეს საქმე იცის. თემაზე ჩვენ დავით მესხიშვილს ვესაუბრეთ.

კახი კალაძე შაბათ-კვირას ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

"სპეციალისტები ხუმრობდნენ, რომ თბილისში, ისეთი ჰაერია, როგორც ბახმაროში" - კახი კალაძე.

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში თქვა, კახა კალაძის განცხადება, რომ არსებობს იდეა, ხომ არ აიკრძალოს კერძო ავტომობილებით გადაადგილება შაბათ-კვირას, ყველა საერთაშორისო გამოცდილებას და ყველა წარმატებულ პრაქტიკას ეწინააღდეგება.

“მერმა შეიძლება არ იცოდეს და არც უნდა იცოდეს, რა როგორ დაიგეგმოს, მაგრამ უნდა ჰკითხოს საქმის პროფესიონალებს, სპეციალისტებს. უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს, შეამციროს ავტომობილების ნაკადები სამუშაო დღეებში და არა შაბათ-კვირას, ოღონდ კი არ აკრძალოს – შეამციროს. ახლა როგორ ხდება შემცირება. ევროკავშირის ქვეყნებმა ნახეს გამოსავალი – უკეთესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზება, ის უფრო სწრაფი, კომფორტული და იაფია. ქვეყნების უმრავლესობამ წაახალისა მგზავრობა, ადამიანებს დევნა კი არ დაუწყეს, რომ შენ ვეღარ გაივლი, აგიკრძალავ და მერე ვნახავ, შეხვალ თუ არა ავტობუსში. ან საერთოდ, რა შუაშია შაბათ-კვირა, გაუგებარია”, – აცხადებს მესხიშვილი.

მისი თქმით, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შაბათ-კვირას ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მეტი ავტომობილი მოძრაობს, ვიდრე სხვა დღეებში.

“ეს იმიტომ რომ ოჯახებთან ერთად ისვენებს ხალხი და გადის ქალაქგარეთ. ვინ უთხრა ეს შაბათ-კვირას აკრძალვა, საიდან მოიტანა, მართლა გაკვირვებული ვარ. ეს არ ეყრდნობა არანაირ პრაქტიკას, ასეთი აკრძალვა არსადაა. კი, ახალი ავტობუსების შეძენა ხდება, მაგრამ პროცესი გაწელილია. ამორტიზებულია მეტრო. ასეთი ტრანსპორტის პირობებში, ასეთი ქალაქის მერი, რომ ამ განცხადებას აკეთებს, ეს საიდან უნდა მოიტანო, არ ვიცი”, – აცხადებს დავით მესხიშვილი.

რადიო “ფორტუნამ” გადაწყვიტა, თავად გადაემოწმებინა, რა ხდება მსოფლიოში მანქანით გადაადგილების აკრძალვებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ბოლო სტატია ამ თემაზე, სადაც შეიძლება ითქვას, რომ შეჯამებულია ყველა მთავარი შეზღუდვა ავტომობილებზე, არის “ბიზნესინსაიდერის” 2019 წლის მასალა. 

სტატიაში 15 ქალაქის შესახებ ვკითხულობთ. აბსოლუტურად ყველა ჩამოთვლილ ქალაქში ადგილობრივი მთავრობები აქცენტს აკეთებენ დიზელზე, ზოგ შემთხვევაში ბენზინზე მომუშავე მანქანების ეტაპობრივად ჩანაცვლებაზე, ძირითადად, ჰიბრიდით. ეს არის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული წარმატებული ნაბიჯები და არა შაბათ-კვირას მანქანების აკრძალვა.

ახლა ცალკეულ დღეებს რაც შეეხება – სტატიაში ჩამოთვლილი ქალაქებიდან, აღმოჩნდა, რომ პარიზში ყოველი თვის პირველ კვირა დღეს (არა უიქენდზე) აკრძალულია მანქანით გადაადგილება, ხოლო უიქენდზე არ დადიან მხოლოდ 1997 წლამდე გამოშვებული მანქანები. ამ ასაკის ავტომობილები უიქენდზე კი არა, საერთოდ იკრძალება ევროპის ქვეყნებში ეტაპობრივად. შესაბამისად, პარიზში ამ მხრივ მკაცრი რეგულაციები არ ჰქონიათ. კიდევ ერთი ქალაქი, სადაც გადაწყვიტეს, მხოლოდ შაბათს აეკრძალათ მანქანები, ეს იყო მეხიკო, თუმცა ამან არ იმუშავა, რადგან კვლევებით დადგინდა, რომ გადაწყვეტილებამ ჰაერის ხარისხი ვერ გააუმჯობესა.

სტატიაში თავად შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომ ყველა ჩამოთვლილ ქალაქში, მათ შორის კახა კალაძის საყვარელ მილანში, ასევე ლონდონში, რომში, მადრიდში, კოპენჰაგენში, ათენსა და ბერლინში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ და ეფექტიან გზად დიზელზე მომუშავე მანქანების ჰიბრიდით ან ნახევრად ჰიბრიდით ჩანაცვლება მიაჩნიათ.

ასე რომ, “ხომ არ შემოვიღოთ აკრძალვა კერძო ავტომობილების გადაადგილებაზე შაბათ-კვირას” – ამ იდეებს იქნებ სჯობდეს, ხომ არ შემოვიღოთ მსოფლიო გამოცდილების გაზიარება, რომ ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g