თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 17 მარტს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დავით კაჭარავას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხებოდა, უპასუხა, რომ კაჭარავა ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია.
„დავით კაჭარავა წარმატებული სპორტსმენი იყო, არის ღირსეული ადამიანი და მე ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დავით კაჭარავა, მეტი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს, მეტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ლანძღავდით, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდით, მეტი შოთა არველაძე, მეტი ლევან კობიაშვილი სჭირდება ჩვენ ქვეყანას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, ვრცელდება პეტიცია, სადაც ქართული რაგბის გულშემატკივრები ვეტერანი მორაგბის, ამჟამად პარლამენტის დეპუტატის, მოძრაობა, „ხალხის ძალის” წევრის დავით კაჭარავას გადადგომას ითხოვენ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან.