საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბერძენ სპეციალისტ ილიას ზუროსს და სამწვრთნელო შტაბს ხვალ წარადგენენ.
ზუროსი საქართველოში იმყოფება.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ზუროსი იგორ კოკოშკოვს შეცვლის. ზუროსი აქამდე ბერძნულ კლუბებს – ”ოლიმპიაკოსს”, ”პერისტერის”, ”არისს”, ”პამელინიოსს”, ასევე ”პარიზს”, ლიბანის ”საგესეს”, „ჟალგირის“, „ეფესს“, „ტოფასს“და საბერძნეთის ნაკრებს წვრთნიდა.
ზუროსი, რომელსაც 11 მარტს 50 წელი უსრულდება, საკალათბურთო სამყაროში საკმაოდ ცნობილი კაცია. მისი სამწვრთნელო პიკი 2011 წლის მარტში იყო, როდესაც საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
სწორედ ზუროსის ხელმძღვანელობით ითამაშეს ბერძნებმა 2011 წელს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე, სადაც მე-2 ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსაც გადაეყარნენ და 73:60 სძლიეს. მაშინ ელინებმა ტრავმირებული ზაზა ფაჩულიას და გიორგი ცინცაძის გარეშე დარჩენილი ქართველები ბოლო მეოთხედშიღა “გატეხეს” და ილიასმა იგორ კოკოშკოვს და მის გუნდს საქებარი სიტყვებიც უძღვნა.
“ვულოცავ საქართველოს. მათ ითამაშეს ორგანიზებული და ლამაზი კალათბურთი. სწორი ფილოსოფია გააჩნიათ. საქართველოსთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელიც მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ” – აღნიშნა მაშინ ილიასმა.